IOM-მა ზრუნვის სააგენტოს ტრეფიკინგის საკითხებზე მომზადებული სახელმძღვანელოები გადასცა

6

30 ივლისს, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში IOM-ის პროგრამების კოორდინატორი მარკ ჰულსტი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ესტუმრა. შეხვედრა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან ლაშა ჯინჯიხაძესთან შედგა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში (IOM) მრავალი წელია გამოხატავს სახელმწიფოს მხარდაჭერას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

მარკ ჰულსტმა ზრუნვის სააგენტოს მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომზადებული სახელმძღვანელოები გადასცა. სახელმძღვანელოში განხილული თემები მიზნად ისახავს სოციალური მუშაკების ცოდნის გაღრმავებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ. სოციალური მუშაკებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში მოცემულია ტრეფიკინგის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის, მსხვერპლთა იდენტიფიცირების და დახმარების, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის პრაქტიკაში დანერგვის/გამოყენების შესახებ ინფორმაციები. სახელმძღვანელოები ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადდა და დაიბეჭდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით დაგეგმილი უახლოესი პერიოდის აქტივობებიც.

Comments
Loading...