II კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 346.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა

47

2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 346.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, აქედან, საკურსო ცვლილებების გამო – 242.4 მლნ აშშ დოლარით, ოპერაციული ცვლილებების გამო – 66.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ფასის ცვლილებების გამო ვალი 49.5 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. ამავდროულად, სხვა ცვლილებების გამო ვალი 11.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.2 მლრდ აშშ დოლარი (17.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.0 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 330.6 მლნ აშშ დოლარი (810.5 მლნ ლარი; მშპ-ს 2.1 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად – 801.5 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი) და 903.8 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.8 მლრდ აშშ დოლარი (9.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.6 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.6 მლრდ აშშ დოლარი (13.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.7 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 10.5 მლრდ აშშ დოლარი (25.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 65.3 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.2 მლრდ აშშ დოლარია (10.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 26.0 პროცენტია.

Comments
Loading...