GWP: 2017 წელს სამგორის რაიონის 44 ქუჩა სრულად განახლდება

425

2017 წელს, სამგორის რაიონში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გამგეობასთან ერთად 44 ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას განახორციელებს. კომპანია აღნიშნულ ქუჩებზე წყალმომარაგების ქსელის 34კმ სიგრძის მოძველებულ მონაკვეთს შეცვლის. ასევე რეგულატორების და ურდულების პროგრამის ფარგლებში, წყალმომარაგების სტაბილურობის გაუმჯობესების მიზნით, ევროსტანდარტის შესაბამის ჩამკეტ- მარეგულირებელ ურდულებს და წნევის რეგულატორებს დაამონტაჟებს, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია "ჯორჯიან უოტერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის რაიონში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებაში 8.5 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნულ ქუჩებზე, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამგორის რაიონის გამგეობა გზის ინფრასტრუქტურას სრულად მოაწესრიგებს.

დღეის მდგომარეობით, კომპანიამ სამგორის რაიონში, უკვე 11 ქუჩაზე განაახლა ამორტიზებული ინფრასტრუქტურა – 6.6 კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით შეცვალა.

ამ მომენტში კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ერთდროულად, 6 ქუჩაზე ახორციელებს, ჭიჭინაძის და იუმაშევის ქუჩებზე, ასევე კახეთის გზატკეცილზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც კომპანია საერთო ჯამში 7 კმ  წყალსადენის და 3 კმ წყალარინების ქსელის მოძველებულ მონაკვეთებს ცვლის. ასევე, გოკიელის და სააკაძის ქუჩებზე და წმინდა ბარბარეს მე-3 ჩიხში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.  

2017 წლის ბოლომდე კომპანია კიდევ 27 ქუჩის სრულ რეაბილიტაციას განახორციელებს.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" და სამგორის რაიონის გამგეობის ერთობლივი სარეაბილიტაციო პროექტები დედაქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობას ემსახურება", – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...