GWP პეკინის გამზირზე მასშტაბურ სამუშაოებს გერმანელ ექსპერტებთან ერთად ახორციელებს

361

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო, მასშტაბური სამუშაოები უკვე დაიწყო. ამჟამად, კომპანიის სამშენებლო ბრიგადები ერთდროულად პეკინის გამზირის ხუთ მონაკვეთზე მუშაობენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს,  ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურ დირექტორთან გიორგი ცხადაძესთან და მენეჯმენტის სხვა  წარმომადგენლებთან  ერთად მოინახულა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამუშაოებს, მსოფლიოს  წამყვანი გერმანული  კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტეთან ერთად ახორციელებს.  დაგეგმილია 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების ექსპერტიზა და  რეაბილიტაცია. სრულად შეიცვლება წყალსადენის 355 მმ-იანი  და 160 მმ-იანი  3 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.

კომპანიის მენეჯმენტი, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ბრიგადების სამუშაოების მიმდინარეობას, 24 საათიან რეჟიმში ვიდეომონიტორინგის საშუალებით ადევნებს თვალს.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება და მოეწყობა ევრო სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდება ასევე წყალმომარაგების და წყალარინების  ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.

ღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამუშაოებს რამდენიმე ეტაპად განახორციელებს, პირველი ეტაპი 16 ივნისს დაიწყო, სამუშაოებს კომპანია აგვისტოში დაასრულებს.

Comments
Loading...