GWP: კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

383

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  ნაძალადევის რაიონში, დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა. გამგეობისა და GWP-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში,  დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 1.2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და წყალსადენის და წყალარინების ქსელის  5,4 კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი სრულად განაახლა. შედეგად დიდი ჯიხაიშის ქუჩის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. სამუშაოს პარალელურად, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დიდი ჯიხაიშის ქუჩის ნაწილზე ასფალტის ახალი საფარის დაგება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციული მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ მოინახულეს.

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს:

7 მარტს, კომპანიამ,  ურდულების და რეგულატორების პროგრამის ფარგლებში,   გლდანის მასივში, ოთხი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი წყლის წნევის რეგულატორი დაამონტაჟა. შედეგად გლდანის მასივის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს თბილისის მასშტაბით 2700 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 230 წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება. პროექტის ფარგლებში, კომპანიამ დამატებით 120 ადამიანი დაასაქმა და 7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ორ ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა: კაკაბაძის ქუჩაზე – 590 მეტრი სიგრძის, ხოლო წუწუნავას ქუჩაზე – 570 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთები ახლით შეიცვალა და 11 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.

ამავე რაიონში,  გოკიელის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია – წყალსადენის ქსელის 560 მეტრი სიგრძის  ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

ნაძალადევის რაიონში, რატევანის I და II შესახვევებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა – წყალსადენის ქსელის 600 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

საბურთალოს რაიონში,  ზაქარიაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა –  წყალსადენის ქსელის 400 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

სამგორის რაიონში,  წმინდა ბარბარეს ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 160 მეტრი სიგრძის  ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

ამავე რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.  წყალსადენის ქსელის 4.3კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ახალი ევროსტანდარტის შესაბამისი 76 ურდული მონტაჟდება.

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

Comments
Loading...