GWP ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან 21.5 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან დაფინანსებას მიიღებს

333

31 ივლისს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა და  ევროპის საინვესტიციო ბანკმა დაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განაცხადეს. თბილისის წყალმომარაგების კომპანია ევროპის საინვესტიციო ბანკისგან  21.5 მილიონი ევროს მოცულობის გრძელვადიან სესხს მიიღებს, კაპიტალური საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და ევროპული პოლიტიკის დამკვიდრებას მხარს მსოფლიოს 140 ქვეყანაში უჭერს.

საქართველოსთან მიმართებაში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი პირველი არასაფინანსო, კერძო ორგანიზაციაა, რომელსაც ბანკი პირდაპირი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს.

ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული თანხა,  გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციასა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებას მოხმარდება.

გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში  უპრეცენდენტო ინვესტიცია განხორციელდება, რაც კომპანიას, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა,  გარემოს დაცვის კუთხით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული მთავარი მიზნების მიღწევაში დაეხმარება, შემცირდება გარემოზე ზემოქმედება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა.

დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა,  ვაზილ ჰუდაკმა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ მოაწერეს.

როგორც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მთავარმა იურისტმა, ჯაბა მამულაშვილმა აღნიშნა: "ევროპის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიმართ განსაკუთრებული ნდობის გამომხატველია. დაფინანსება უზრუნველყოფს კომპანიის მიერ ისეთი ტიპის საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქვეყნის გრძელვადიანი მიზნების მიღწევას, მეორეს მხრივ – რიგითი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას".

"გაფორმებული ხელშეკრულება უნიკალურია, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის საინვესტიციო ბანკი პირდაპირი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს კერძო კომპანიას საქართველოში. ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის სექტორში მომსახურების ხარისხს, რაც პოზიტიურად  აისახება საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე", – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა.

Comments
Loading...