FAO-ს ექსპერტები ქართველ დელეგატებთან ერთად სურსათის უსაფრთხოების თემებს გნიხილავენ

435

უნგრეთს ქართული დელეგაცია სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, რევაზ ასათიანის მეთაურობით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) სურსათის უსაფრთხოებისა და სურსათის დანაკარგების თემებს გაეცნო. FAO-ს ექსპერტებმა სტუმრებს სურსათის სფეროში არსებული გამოწვევები და თანამედროვე მიდგომები გააცნეს. პრეზენტაციები სურსათის უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობისა და უვნებლობის, ასევე სურსათის დანაკარგების თემებს მოიცავდა.

"გამოუყენებელი საკვები რესურსი მიწისა და წყლის რესურსების დეგრადაციას იწვევს, რაც, საბოლოო ჯამში, გლობალურ დათბობასა და კლიმატის ცვლილებას აჩქარებს", – განაცხადა FAO-ს სოფლის მეურნეობის ეკონომისტმა ზოლტან ჰრადსკიმ. 

სურსათის დანაკარგის დიდი ნაწილი წარმოებისა და მოსავლის აღების ეტაპებზე წარმოიქმნება, ხოლო მოხმარების ეტაპზე დიდი რაოდენობის მავნე აირები წარმოიქმნება, რაც საზიანოა გარემოსთვის, განაცხადა მან.

დელეგაციის წევრებმა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება, სადაც სურსათის უსაფრთხოებისა და სურსათის დანაკარგის პრობლემები ძირითადად თავს იჩენს მოსავლის აღების შემდგომ ეტაპებზე.   ხშირად, ხელმისაწვდომი არ არის სათანადო შესაფუთი მასალები, სამაცივრეები, საწყობები და თანამედროვე ტექნიკა. 

ინიციატივის, „დაზოგე სურსათის“ ფარგლებში, FAO აქტიურად უწყობს ხელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ინფორმაციის გაზიარებას, უკეთესი წარმოების პრაქტიკის გავრცელებას და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას.

Comments
Loading...