FAO: მზესუმზირის ზეთის ფასი 2008 წლის შემდგომ პიკურ დონეზეა

21

მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის (FAO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მზესუმზირის ზეთის ფასის ღირებულება ამჟამად 2008 წლის შემდგომ პიკურ დონეზეა. ფასების ზრდა 2020 წლის სექტემბერიდან დაიწყო, რაც ამ პროდუქტის უმსხვილეს მწარმოებელ რეგიონში – რუსეთსა და უკრაინაში მზესუმზირის დაბალმა მოსავალმა გამოიწვია. ამჟამად ერთი ტონა მზესუმზირის ზეთის საერთაშორისო ფასი 1,653 დოლარს შეადგენს, რაც 2020 წლის სექტემბერში არსებულ ფასთან შედარებით $465 დოლარით ანუ 39%-ით მეტია.

“მზესუმზირის ზეთის შემთხვევაში ფასები კვლავ მომატებულ დონეზე შენარჩუნდა. ბოლოს მზესუმზირის ზეთის ფასები ასეთი მაღალი 2008 წლის ივლისში იყო. გაზრდილი ფასი ასახავს ამ პროდუქტის შემცირებულ მიწოდებას, რაც ძირითადად შავი ზღვის რეგიონში მზესუმზირის მოსალოდნელზე დაბალ მოსავალს უკავშირდება”, – ნათქვამია FAO-ს ანგარიშში.

მზესუმზირის 2020 წლის მოსავლის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა S&P Global-მა, რომლის თანახმადაც, მშრალი ამინდის გამო, უკრაინაში მზესუმზირის მოსავალი 2019 წელს არსებული 16.5 მილიონი ტონიდან 2020 წელს 12 მილიონ ტონამდე შემცირდა. რუსეთში კი მზესუმზირის მოსავლის მოცულობა 2019 წელს არსებული 15.4 მილიონი ტონიდან 13 მილიონ ტონამდე შემცირდა.

FAO-ს ანგარიშის თანახმად, გაზრდილია ფასები სხვა მცენარეულ ზეთებზეც. მაგალითად, ერთი ტონა პალმის ზეთის ღირებულება $1,086 დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით 46%-ით არის გაზრდილი. ერთი ტონა სიოს ზეთის ღირებულება კი $1,136 დოლარია, რაც წლიურ ჭრილში 41%-ით არის გაძვირებული.

მცენარეულ ზეთზე ფასები მომატებულია ადგილობრივ ბაზარზეც. საქსტატის თანახმად, ერთი ლიტრი მზესუმზირის ზეთის საფასური 2021 წლის მარტის მდგომარეობით წლიურად 62%-ით არის გაზრდილი. ადგილობრივ ბაზარზე ზეთის ფასის ზრდაზე მსოფლიო ფასებთან ერთად, ლარის გაუფასურებაც მოქმედებს.

Comments
Loading...