Facebook-მა, რუსეთთან და ირანთან დაკავშირებული 650-ზე მეტი გვერდი დაბლოკა

61

სოციალურმა ქსელმა Facebook 652 გვერდი წაშალა, რომლებიც ირანთან და რუსეთთან იყო დაკავშირებული, ხოლო წაშლის მიზეზად არაავთენტური ქმედება სახელდება. ამის შესახებ Vedomosti წერს.

"დღეს ჩვენ Facebook-სა და Instagram-ში, არაავთენტური ქმედებების გამო ბევრი გვერდი, ჯგუფი და ექაუნთი წავშალეთ. ამ ქმედებების ნაწილი კი რუსეთიდან და ირანიდან მომდინარეობს", – ნათქვამია სოციალური ქსელის ბლოგზე.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წაშლილი გვერდებიდან კავშირებისა და კოორდინაციების შესახებ ინფორმაცია ვერ ამოიღეს, თუმცა დადგინდა, რომ ისინი ანგარიშის ქსელების შექმნის მსგავს ტაქტიკას იყენებდნენ, რათა მომხმარებლები გაუგებრობაში შეეყვანათ.

სოციალურ ქსელში განმარტავენ, რომ საეჭვო გვერდების გამოვლენა ფირმა FireEye-ს დახმარებით მოხერხდა, რომელიც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობს. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ აცნობა სოციალური ქსელის სპეციალისტებს Liberty Front Press-ის ქსელის არსებობის შესახებ, რომელის ირანის ხელისუფლებასთან არის კავშირში. მისი ერთ-ერთი განყოფილება – Quest 4 Truth – აცხადებდა, რომ იგი დამოუკიდებელი კომპანია იყო, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ Press TV-სთან იყო დაკავშირებული, რომელსაც ირანის მასმედიის მხარდაჭერა ჰქონდა.

Liberty Front Press-ის პირველი ჩანაწერები 2013 წელს არის შექმნილი. მაშინ ქსელში ქვეყნდებოდა პოლიტიკური კონტენტები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთს, აგრეთვე დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და ლათინურ ამერიკას უკავშირდებოდა, თუმცა 2017 წლიდან ქსელმა მთელი ყურადღება აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისკენ წარმართა.

Comments
Loading...