EIB ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად საქართველოს €50 მლნ-ით დაეხმარება

10

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის ბანკს წარმოადგენს, საქართველოს მთავრობას გამოუყო 50 მილიონი ევრო COVAX-ის პლატფორმიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და COVID -19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად გამოუყო, – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე მსხვილი თანხაა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის COVID -19-თან ბრძოლის ფარგლებში უზრუნველყოფილი 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილს წარმოდგენს.

„მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა გამოყო 210 მილიონი ევროს ოდენობის სესხები და გარანტიები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მხარდასაჭერად და COVID -19 პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან საქართველოს ეკონომიკის გამოსვლის პროცესის დასაჩქარებლად. ევროკავშირის ბანკის დახმარების პაკეტი მოიცავს 100 მილიონ ევროს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად, ასევე 110 მილიონ ევროს, რომელიც საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს ქვეყანაში არსებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სესხების უზრუნველსაყოფად გადაეცემა.

საქართველოს ეკონომიკის სწრაფად აღდგენის ხელშესაწყობად ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფში შემავალი ევროპის საინვესტიციო ფონდიდან დამატებით 250 მილიონი ევრო გარანტიების სახით გამოყოფაა გათვალისწინებული. გარანტიები უზრუნველყოფილია InnovFin–ის – ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის საშუალებით, რომელიც ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებში ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.

„ვაქცინები და COVID – 19-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და პანდემიის მაქსიმალურად მოკლე დროში დასასრულებლად. ევროპის საინვესტიციო ბანკი ამაყობს იმით, რომ მას აქვს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირს საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განმტკიცების პროცესში, რაც ქვეყანას გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ძლიერი და განვითარებული საქართველო არის როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ევროპის გუნდის მიზანი. იმედი მაქვს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაზეა პასუხისმგებელი.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ვისარგებლოთ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი თანხით, 50 მილიონი ევროს ოდენობით, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, გავხადოთ ჯანმრთელობის დაცვის სექტორი პრიორიტეტულ მიმართულებად, გავაძლიეროთ ქვეყნის მედეგობა COVID -19-ის მიმართ და ჩვენი შესაძლებლობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან გასამკლავებლად. აღნიშნული თანხა მოგვცემს შესაძლებლობას, ვაქცინების შესყიდვის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და COVID -19-თან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალისა და საავადმყოფოების დასახმარებლად თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის გზით, აქტიურად შევებრძოლოთ პანდემიას. გარდა ამისა, სამინისტროს სახელით, გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ევროპის ინვესტიციის ბანკს, მის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს საქართველოს მხარდაჭერისთვის ადამიანების ჯანმრთელობისათვის, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისათვის დამანგრეველი ზემოქმედების მქონე COVID -19-ის პანდემიით გამოწვეული მძიმე კრიზისის დასაძლევად“, – აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც ქვეყანაში COVID -19-ის საწინააღმდეგო ზომების გატარებაზეა პასუხისმგებელია.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კი აღნიშნა, რომ „ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს დახმარებას პანდემიის პერიოდში, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროკავშირის ბანკის, მიერ გამოყოფილი თანხა კიდევ უფრო დახმარებას გაუწევს ჯანდაცვის სექტორს. ეს არის COVID -19-თან ბრძოლასა და კრიზისიდან გამოსასვლელად საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ უზრუნველყოფილი 500 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის დახმარების პაკეტის ნაწილი.“

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის უზრუნველყოფილი დახმარებით, რომელიც 2020 წელს გაგრძელდა, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ხუთი წამყვანი საავადმყოფოსა და სამედიცინო დაწესებულების მოდერნიზება, თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა გახდა შესაძლებელი. აღნიშნული დახმარების ფარგლებში ფინანსურმა ინსტიტუტებმა ადგილობრივი კომპანიებისათვის ახალი საკრედიტო ხაზები შექმნეს, რომლებიც მათ ლიკვიდურობის პრობლემების გადაჭრის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების და საკუთარი ინვესტიციებისა ან გაფართოების გეგმების დაფინანსების შესაძლებლობას მისცემს.

Comments
Loading...