EBRD და FAO კავკასიის პირველ საერთაშორისო რძის კონგრესს მასპინძლობს

460

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს რძის სექტორის დახმარების მიზნით, ძალები გააერთიანეს.

კავკასიის პირველმა რძის კონგრესმა, რომელიც თბილისში დღეს გაიხსნა, კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების 250-ზე მეტ წარმომადგენელს მოუყარა თავი. მონაწილეთა შორის არიან: რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელი ფერმერები, გადამამუშავებლები, აღჭურვილობის მომწოდებლები, დარგის ექსპერტები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

ინიციატივა მიმართულია დარგის პოტენციალის გაძლიერებისაკენ, საქართველოში რძის პროდუქტების ხარისხის და უვნებლობის გაუმჯობესებისაკენ, ისევე როგორც, რძის სექტორში ინვესტიციების მოზიდვისკენ.

ღონისძიება საქართველოში რძის პროდუქტების კომერციული წარმოების შესახებ გაავრცელებს ინფორმაციას; მოხდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება უახლესი ტექნოლოგიების და სურსათის უვნებლობის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ქვეყნისათვის 2014 წელს „თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების“ (DCFTA) გაფორმების შემდეგ. როგორც ცნობილია, ეს ხელშეკრულება საქართველოსგან ევროკავშირის სურსათის უვნებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობას მოითხოვს.

 „რძის პროდუქტების კომერციულმა წარმოებამ საქართველოში თვალში საცემი პროგრესი განიცადა, და ზოგიერთმა მეწარმემ თავისი შემოსავალი, წელიწადზე ნაკლებ დროში, 20 პროცენტით გაზარდა,“ განაცხადა ვიქტორია ზინჩუკმა, EBRD-ს აგრობიზნესის ჯგუფის ასოცირებულმა დირექტორმა.

„ამ კონგრესის მიზანია გავავრცელოთ რაც შეიძლება მეტი ცოდნა და, შეძლებისდაგვარად, ხელი შევუწყოთ საქართველოში რძის სექტორის განვითარებას და გადამამუშავებელ საწარმოებში ინვესტირებას, რაც შეიძლება ძალიან დიდი მოგების მომტანი გახდეს“, თქვა ანდრეი იარმაკმა, FAO-ს სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის სპეციალისტმა.

საქართველოს რძის პროდუქტების წარმოებისთვის შესანიშნავი საინვესტიციო გარემო და იდეალური აგრო-კლიმატური პირობები გააჩნია. მოთხოვნა რძეზე, ყველზე და რძის სხვა პროდუქტებზე (მრავალი რომელთაგანი მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე იწარმოება) მუდმივად იზრდება.

EBRD და FAO დიდი ხანია მხარს უჭერენ ქვეყანაში რძის პროდუქტების კომერციულ მწარმოებლებს. პროექტის ფარგლებში, 40 ფერმერს რძის პროდუქტების თანამედროვე წარმოების ყველა შესაძლო ასპექტზე თრეინინგები ჩაუტარდა. ორგანიზება გაუკეთდა 20 ფერმერის სასწავლო ვიზიტს უკრაინულ რძის ფერმებში. ვიზიტის დროს ჩატარდა სემინარები, რომლებსაც რძის პროდუქტების წარმოების უკრაინელი ექსპერტები უძღვებოდნენ.

პროექტის დაწყებიდან დღემდე FAO-ს და EBRD-ს მიერ ორგანიზებულ თრეინინგებში მონაწილე ფერმერებმა თავიანთი ოპერაციების გაუმჯობესებაში, ახალი სადგომების აშენებაში და ახალი, უფრო მაღალი წარმადობის მქონე პირუტყვის შესყიდვაში 2,5 მილიონ დოლარამდე დააბანდეს.

ბევრმა თავისი საქონლის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ისევე როგორც კვების და წველის პროცედურები საგრძნობლად გააუმჯობესა, რამაც მათ უფრო მაღალი წარმადობის და მოგების მიღების საშუალება მისცა.

თავიანთი რესურსებით ფერმერთა ჯგუფმა „რძის კომერციული მწარმოებლების ასოციაცია“ შექმნა. ამ ორგანიზაციის სტრუქტურა უკრაინის ანალოგიური ასოციაციის მსგავსია.

EBRD საქართველოში წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მუშაობა დაიწყო, EBRD-მ ფინასურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკის სექტორებში განხორციელებულ 202 პროექტში 2,98 მილიარდ ევროზე მეტი ჩადო. ამ ინვესტიციების 91 პროცენტი კერძო სექტორზე მოდიოდა.

FAO-ს მისიას საქართველოში სურსათის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისკენ მიმართული ეროვნული ძალისხმევის მხარდაჭერას წარმოადგენს. FAO-ს პრიორიტეტები საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიზნებსა და პრიორიტეტებს შეესაბამება. არსობრივად, FAO ეხმარება მთავრობას საქართველოში ისეთი ინსტიტუციონალური, საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს დანერგვასა და ამუშავებაში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო და სასოფლო განვითარების სტრატეგიული მიზნების შესაბამისი იქნება.

Comments
Loading...