COVID-აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელი მომდევნო კვირიდან გახდება

5

მომავალი კვირიდან მოქალაქეებს covid-სტატუსის ინფორმაციის მქონე აპლიკაციით სარგებლობა შეეძლებათ. შესაბამისი ინფორმაცია დღეს შრომის ინსპექტირების სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა. ის ირწმუნება, რომ პერსონალური მონაცემების სრული დაცვა გარანტირებულია.

„აპლიკაცია მოიცავს ბოლო 72 საათში pcr ტესტის უარყოფით პასუხს; სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ასახული იქნება 24 საათის განმავლობაში. აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია იმის შესახებაც, მაგალითად, ვაქცინაციის სრული ან ერთი დოზით თუ არის აცრილი ადამიანი ან ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ აქვს გადატანილი კოვიდი. აპლიკაციის შესახებ ვიწყებთ ბიზნესთან საკმაოდ აქტიურ შეხვედრებს. უახლოეს დღეებში გავმართავთ სექტორული მიმართულებით კომუნიკაციას და გავაცნობთ მათ ამ აპლიკაციის მოხმარების წესს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს მას“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე განმარტებით, აპლიკაციის გამოყენება პირველ ეტაპზე სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.

„სექტორული მიმართულებით, როდესაც ბიზნესს წარვუდგენთ ამ აპლიკაციას, მათ ექნებათ შესაძლებლობა, გამოიყენონ და პრაქტიკაში დანერგონ  აპლიკაციაში მწვანე ზონებით სარგებლობის ის თავისებურებები, რომლებიც მას ახასიათებს. აპლიკაციის გამოყენება მოქალაქეებს მარტივად შეეძლებათ; ასევე ვისაც სმარტფონი არ აქვს, შეეძლება აცრის ბარათი ამობეჭდოს და QR კოდი სულ თან ჰქონდეს. მოკლედ, აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირება მარტივად მოხდება “, – განაცხადა ფერაძემ.

Comments
Loading...