Benetton Group-ის თანადამაარსებელი ჯილბერტო ბენეტონი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

52

ჯილბერტო ბენეტონი, წარმომადგენელი ოჯახისა, რომელმაც Benetton Group-ი დააარსა, იტალიაში, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გარდაცვალებამდე იგი დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა და რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს პნევმონიის გამო, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

ჟურნალი Forbes-ის შეფასებით, ბენეტონის ქონება 2,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. ამგვარად, იგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 652-ე ადგილზე იყო, ხოლო იტალიის უმდიდრესი ადამიანების სიაში – 12-ე.

ჯილბერტო ერთ-ერთი იყო ბენეტონების ოჯახის წევრი და-ძმიდან, რომლებმაც 1965 წელს ცნობილი მოდის ბრენდი დააარსეს. კომპანიის მთავარ დამაარსებლად ლუჩანო ბენეტონი მიიჩნევა, რომელიც ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობდა, რათა დაქვრივებულ დედას დახმარებოდა.

ივლისში აგრეთვე გარდაიცვალა ოჯახის ყველაზე უმცროსი წარმომადგენელი კარლო ბენეტონი. სიკვდილის მიზეზი კიბო გახდა.

Comments
Loading...