Batumi Gold – ახალი Range Rover-ის განსხვავებული ფერი

28

26 ოქტომბერს Jaguar Land Rover-მა მსოფლიოს Range Rover-ის ახალი მოდელი წარუდგინა. რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, ბრიტანული ავტოგიგანტის მოყვარულებმა ყველაზე სასურველი მოდელის სრულიად ახალი ვერსია იხილეს.

სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად, ახალი Range Rover-ის შემქმნელებმა მომხმარებელს ავტომობილის განსხვავებული ფერებიც წარუდგინა. ფერებზე მუშაობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ინსპირაცია საქართველოს ზღვისპირა ქალაქი, ბათუმიც გახდა. სწორედ ბათუმის შთამბეჭდავი ხედების გავლენით, ერთ-ერთ ფერს Batumi Gold ეწოდა. ბათუმის მზის ჩასვლით მოხიბლულმა დიზაინერებმა ეს ფერი სპეციალურად განახლებული Range Rover-ისთვის შექმნეს.

ბათუმის მზის ჩასვლის გარდა, საქართველომ ყურადღება ოფისის წარმატებული მუშაობითაც მიიქცია. Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეგიონში წამყვან პოზიციას იკავებს და ტოპ ხუთ ქვეყანაში შედის. აღსანიშნავია წარმატება მომხმარებელთა მომსახურების კუთხითაც. ამ მიმართულებით Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისი რეგიონის პირველ სამეულში მოხვდა.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით დაერქვა განახლებული Range Rover-ის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ფერს Batumi Gold-ი და ზღვისპირა ქალაქი მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნა.

ახალი Range Rover-ი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია. ამის უზრუნველსაყოფად შემქმნელებმა ავტომობილს არაერთი დამატებითი და ინოვაციური სისტემა დაუმატეს. მისი ძირითადი კლასიკური მახასიათებლები შენარჩუნებულია, თუმცა დიზაინი მოდერნიზებული, უფრო დახვეწილი და მინიმალისტურია. შეიძლება ითქვას, რომ მისი არსებობის ისტორიის მანძილზე, განახლებული Range Rover-ი ყველაზე კომფორტული და მდიდრულია.

დიზაინერებმა მომხმარებლების მოთხოვნები გაითვალისწინეს და, წინა მოდელებთან შედარებით, სალონში მეტი სივრცე დატოვეს. ავტომობილი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ოპერაციული სისტემა ფაქტობრივად იმავე ფუნქციებს ასრულებს, რასაც ნებისმიერი კარგი სმარტფონი. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ მოდელის ტექნიკური აღჭურვისთვის 125 ახალი პატენტი შეიქმნა. Range Rover-ში დაგხვდებათ სმარტფონის Wireless დამტენი, რომელშიც სიგნალის გამაძლიერებელია დამონტაჟებული. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს ჰაერის გამწმენდი სისტემა, რომელიც სრულად ანადგურებს ბაქტერიებსა და ვირუსებს. კიდევ ერთი სიახლეა ხმის იდეალური იზოლაციაც, რომელსაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ავტომობილის სავარძლის ზედა ნაწილებში დამონტაჟებული დინამიკებიც უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს – წინა მოდელებთან შედარებით, ახალი Range Rover 12%-ით უფრო აეროდინამიკული, 24%-ით ნაკლებად ხმაურიანი და 50%-ით გამძლეა. ნოვაციაა ისიც, რომ  საჭის დატრიალებისას, ავტომობილის ოთხივე თვალი მოძრაობს. შესაბამისად, ახალი Range Rover მარტივად მანევრირებს ქალაქში, პარკინგსა და ვიწრო გზებზეც.

Range Rover-ის ახალი მოდელი საქართველოში ხელმისაწვდომი 2022 წლის გაზაფხულიდან იქნება.

Comments
Loading...