Alibaba Group-მა, ჯეკ მას წასვლის შემდეგ ახალი ხელმძღვანელის ვინაობა დაასახელა

47

კომპანია Alibaba Group-ის დამაარსებელმა ჯეკ მამ, კორპორაციაში წლიური ცვლილებების გეგმა დააანონსა. იგი კომპანიის ხელმძღვანელის როლს ერთ წელიწადში დატოვებს, ხოლო მის ადგილს დირექტორთა საბჭოს წევრი დენიელ ჩჟანი დაიკავებს.

აქამდე The New York Times-მა ჯეკ მას პენსიაზე გასვლა 10 სექტემბრისთვის დააანონსა. ჯეკ მას 54 წელი შეუსრულდა. მოგვიანებით კი თავად ჯეკ მამ დააზუსტა, რომ საუბარია 2019 წლის 10 სექტემბერზე. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, იგი კიდევ ერთი წლის განმავლობაში დარჩება კორპორაციაში. ამ წლის განმავლობაში კი, მისი უფლებამოსილების დენიელ ჩჟანისთვის გადაცემის გეგმა შესრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯეკ მა დატოვებს თანამდებობას, მისი ადგილი კომპანიის დირექტორთა საბჭოში მაინც შენარჩუნდება.

თავის მიმართვაში, რომელიც კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება, ჯეკ მა აცხადებს, რომ დენიელ ჩჟანი უკვე 11 წელია, რომ კორპორაციაში არის დასაქმებული.

"მას მერე, რაც იგი გენერალური დირექტორი გახდა, მან თავისი არაჩვეულებრივი ნიჭის დემონსტრირება მოახდინა. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ, Alibaba-მ 13 კვარტლის განმავლობაში უწყვეტი ზრდა განახორციელა", – აღნიშნავს მილიარდერი.

46 წლის დენიელ ჩჟანი აქამდე Taobao-ს მთავარი ფინანსური დირექტორისა და Tmall.com-ის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ჯეკ მამ, ჯერ კიდევ 2015 წელს მას თავისი მემკვიდრე უწოდა.

ჯეკ მას ქონებას, Forbes 36,6 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მას 21-ე ადგილი უჭირავს. კომპანია Alibaba მან 1999 წელს დააარსა. აქამდე, Bloomberg TV-სთან ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ფილანტროპიისთვის უფრო დიდი დროის დათმობას აპირებს. მისი თქმით, იგი ფონდს დააარსებს, რომელიც საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებით იქნება დაკავებული.

Comments
Loading...