6 თვეში მივლინებებზე ბიუჯეტიდან 28 მლნ ლარი დაიხარჯა

6

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებით, ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უნდა შემცირდეს, რადგან დეფიციტის მაჩვენებელი კვლავ ძალიან მაღალია და წლის ბოლომდე მთავრობამ არააუცილებელ ხარჯებში ეკონომია უნდა გააკეთოს.

2021 წლის ბიუჯეტში იანვარ-ივნისში დაგეგმილზე მეტი შემოსულობები შევიდა და გეგმა 103.5%-ით შესრულდა. შემოსულობების მატება პროგნოზირებულზე მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. შემოსულობების 6 თვის გეგმა 9,059 მლნ ლარი იყო, ფაქტობრივად კი ბიუჯეტში 3.5%-ით მეტი, 9,380 მლნ ლარი შევიდა.

მიმდინარე წლის ექვს თვეში პრივატიზაციისგან მიღებულმა შემოსავალმა დაგეგმილ 54 მლნ ლარს გადააჭარბა და 95 მლნ ლარი შეადგინა. TI-ის განცხადებით, გეგმის გადაჭარბებით შესრულება საპრივატიზაციო ობიექტების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.

2021 წლის იანვარ-ივნისში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 153.2 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 84.4 მლნ ლარით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 95 მლნ ლარით მეტია.

საჯარო სექტორში დასაქმებულთა ოდენობის ზრდის გამო, ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ფინანსთა სამინისტრომ წარადგინოს ინფორმაცია უწყებების მიხედვით, თუ სად რამდენი შტატგარეშე თანამშრომელია დასაქმებული და რა თანხა იხარჯება მათ ანაზღაურებაზე.

“როდესაც მთავრობის ვალი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ქვეყანაში პანდემიაა, შტატგარეშედ დასაქმებულებზე გაწეული ხარჯების გაორმაგება თანხების არაეფექტიან ხარჯვაზე და ნეპოტიზმზე აჩენს კითხვებს, რადგან შტატგარეშედ სამსახურში მიღება ნაკლებად კონტროლდება კანონმდებლობით”,-აცხადებენ ორგანიზაციაში.

TI-ის ინფორმაციით, 2.6-ჯერ 28.4 მლნ ლარამდეგაიზარდა 2021 წლის პირველ ნახევარში მივლინებებზე დახარჯული ხარჯები.

“ეს იმითაც არის განპირობებული, რომ გასული წლის პირველ ნახევარში ქვეყნები პანდემიის გამო ჩაკეტილი იყო და საერთაშორისო მოვლინებები მინიმუმამდე შემცირდა. თუმცა, 2021 წლის მივლინების ხარჯები 2019 წლის მივლინების ხარჯებსაც აღემატება 32%-ით (7 მლნ ლარით)”, – წერია ბიუჯეტის შესრულების ანალიზში.

სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის დეფიციტი 2,489 მლნ ლარის დონეზე იყო დაგეგმილი, ფაქტობრივმა დეფიციტმა კი 1,957 მლნ ლარი შეადგინა.დეფიციტის შემცირება შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებამ და დაგეგმილზე ნაკლები ხარჯების გაწევამ განაპირობა.

2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთავრობის ვალმა 29.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 55%-ია.2021 წლის 6 თვეში მთავრობამ 3.5 მილიარდი ლარის ვალი აიღო, თუმცა ამავე პერიოდში 2.2 მლრდ ლარის ვალი დაფარა.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კორონავირუსით გამოწვეულ ახალ პროგრამებზე 921 მლნ ლარი გამოიყო, ფაქტობრივად კი 822 მლნ ლარი დაიხარჯა.ჯანდაცვის მიმართულებით 425 მლნ ლარი დაიხარჯა, მათ შორის 96 მლნ ლარი – ვაქცინის შეძენაზე. სოციალურ დახმარებებზე 350 მლნ ლარამდე დაიხარჯა, ყველაზე მეტი თანხა – 142 მლნ ლარი დროებით უმუშევრად დარჩენილების კომპენსაციაზე დაიხარჯა, 105 მლნ ლარი კი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე.

Comments
Loading...