საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 1 224 010 მგზავრი, რაც 46,96%-ით (391 124 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (832 886 მგზავრი).
ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
· თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის 5 თვის განმავლობაში მოემსახურა 1 005 605 მგზავრს. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 703 405 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად, მატებამ 42,96% შეადგინა;
· ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 94,37%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 5 თვეში აეროპორტი მოემსახურა 54 432 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 143 546 მგზავრი შეადგინა;
· ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 72 516 მგზავრს მოემსახურა, რაც 33,22%-ით (18 084 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადის მხრივ, გასული 5 თვე არ წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის პიკურ პერიოდს და აღნიშნული მიმართულებით რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობა ზაფხულის სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზრდება.