31 ოქტომბრიდან რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM საქართველოში ოპერირებას დაიწყებს

61

31 ოქტომბრიდან კვირაში 2 სიხშირით ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს რუმინული სახელმწიფო ავიაკომპანია “TAROM”-ი განახორციელებს.

ამის შესახებ სასტუმროში “მერკური” გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოში რუმინეთის ელჩმა, ავიაკომპანია TAROM-ის ხელმძღვანელობამ, საავიაციო ხელისუფლებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

რუმინული სახელმწიფო ავიაკომპანია ტარომი 1954 წელს დაარსდა, 2010 წლიდან ის Sky Team ალიანსის წევრია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია ტარომთან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებდა.

როგორც “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში” აცხადებენ, თბილისიდან ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. აქამდე ბუქარესტის მიმართულებით სეზონურ ფრენებს ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარი” ასრულებდა.

2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში შემოსული რუმინეთის მოქალაქეების რაოდენობა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58, 1 პროცენტით არის გაზრდილი.

Comments
Loading...