24-26 ივლისს GWP პეკინის ქუჩაზე გამავალ ცენტრალურ მაგისტრალზე მთავარ სამუშაოებს განახორციელებს

284
24-26 ივლისს კომპანია გერმანელ ექსპერტებთან ერთად ცენტრალური მაგისტრალური თუჯის მილის რეაბილიტაციას გეგმავს, რითაც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განსახორციელებელი სამუშაოების დასკვნით ეტაპზე გადავა, – შესაბამისს ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.
 
მომდევნო კვირის დასაწყისში პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს გამავალი 1000 მმ-იანი, 1.3 კმ სიგრძის მაგისტრალის განახლება უახლესი ევროპული ტექნოლოგიით მოხდება, რაშიც კომპანიას გერმანული ფირმის, RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტები დაეხმარებიან.
 
პარალელურად განხორციელდება  1000მმ-იანი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი  ურდულის დამონტაჟება. ასევე, მოეწყობა 500 მმ-იანი წყალსადენის ქსელის დამცლელი.
 
აღნიშნული უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის 24, 25, 26 ივლისს, დილის 11.00სთ-დან საღამოს 19.00სთ-მდე და საღამოს 23.00სთ-დან  დილის 08.00სთ-მდე  წყალმომარაგება შეეზღუდებათ:
 
საბურთალოს რაიონში:
 
თამარაშვილის, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩებს; ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს;
 
ვაკის რაიონში:
 
ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, კეკელიძის, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებს.  
 
მთაწმინდის რაიონში, ბაგებს, წყნეთს და კიკეთს  24-იდან 26 ივლისის  ჩათვლით წყალმომარაგება შეეზღუდება 17.00სთ-დან მომდევნო დღის 13.00 საათამდე;
 
კომპანია მიმდინარე სამუშაოებისას მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
 
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ დამატებით ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ასევე კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge.
Comments
Loading...