24-26 ივლისს GWP პეკინის ქუჩაზე გამავალ ცენტრალურ მაგისტრალზე მთავარ სამუშაოებს განახორციელებს

246

24-26 ივლისს კომპანია გერმანელ ექსპერტებთან ერთად ცენტრალური მაგისტრალური თუჯის მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს. მომდევნო კვირის დასაწყისში პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს გამავალი 1000 მმ-იანი, 1.3 კმ სიგრძის მაგისტრალის განახლება უახლესი ევროპული ტექნოლოგიით მოხდება, რაშიც კომპანიას გერმანული ფირმის, RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტები დაეხმარებიან, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

პარალელურად განხორციელდება  1000მმ-იანი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი  ურდულის დამონტაჟება. ასევე, მოეწყობა 500 მმ-იანი წყალსადენის ქსელის დამცლელი.

აღნიშნული უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის 24, 25, 26 ივლისს, დილის 11.00სთ-დან საღამოს 19.00სთ-მდე და საღამოს 23.00სთ-დან  დილის 08.00სთ-მდე  წყალმომარაგება შეეზღუდებათ:

საბურთალოს რაიონში:

თამარაშვილის, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩებს; ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს;

ვაკის რაიონში:

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, კეკელიძის, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებს.

მთაწმინდის რაიონში, ბაგებს, წყნეთს და კიკეთს  24-იდან 26 ივლისის  ჩათვლით წყალმომარაგება შეეზღუდება 17.00სთ-დან მომდევნო დღის 13.00 საათამდე;

კომპანია მიმდინარე სამუშაოებისას მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ დამატებით ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ასევე კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

Comments
Loading...