23 ოქტომბერს, საქართველოს ეწვია დელეგაცია SOCAR-ის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით

45

წინა შეხვედრების მსგავსად, SOCAR-ის ხელმძღვანელობა ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოში აზერბაიჯანული საზოგადოების საპატიო წარმომადგენლებს და უხუცესებს და დაინტერესდა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების სოციალური პრობლემებით. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “სოკარი” ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი არ შეხებია საქართველოს მომავალი არჩევნების ან პოლიტიკური არჩევანის საკითხებს.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ჯგუფი ეცადა მოეწყო პროვოკაცია და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა აღნიშნული შეხვედრა, მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. SOCAR-ი არ ერევა საქართველოს და სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში და კატეგორიულად უარყოფს ყველა უსაფუძვლო ბრალდებას.

SOCAR-ი ახორციელებს უმნიშვნელოვანეს სოციალურ პროექტებს საქართველოს ყველა რეგიონში. კერძოდ, დასახლებული პუნქტების გაზიფიცირება, სოციალურად დაუცველი აბონენტების ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთება, საქართველოს ეკლესია-მონასტრების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურება. აგრეთვე, SOCAR-მა კურორტ საირმეში განახორციელა საპილოტე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიანი საკურორტო ზონების ბუნებრივი გაზით მომარაგებას ალტერნატიული ტექნოლოგიების მეშვეობით. რაც თავის მხრივ უდავოდ გაზრდის ინვესტიციების რაოდენობას ტურისტულ სექტორში, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. სწორედ ამ მიზნით, ა.წ. 23 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმდა „თანამშროლობის მემორანდუმი“.

SOCAR-ი ასევე აგრძელებს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისათვის სოციალური დახმარების აღმოჩენას. ასე მაგალითად, “ჩაის სახლი”, სადაც გაიმართა ზემოაღნიშნული შეხვედრა აშენებულია უშუალოდ SOCAR-ის მიერ და წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს, სადაც ახალგაზრდები შეისწავლიან ქართულ და ინგლისურ ენებს, ესწრებიან ხელოვნების წრეებს, რაც ხელს უწყობს მათ შემდგომ ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში. კომპანია უნაზღაურებს სწავლის საფასურს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სახელმწიფო დაწესებულებებში და უზრუნველყოფს მათ სტიპენდიებით.

Comments
Loading...