2021 წლის I კვარტალში მშპ 4.5%-ით შემცირდა

6

2021 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალურად 4.5%-ით შემცირდა.

2020 წელს ეკონომიკის შემცირებაში უდიდესი წვლილი წმინდა ექსპორტზე მოდიოდა, რაც უმთავრესად პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვით და ტურიზმის მნიშვნელოვანი შეფერხებით იყო განპირობებული.

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის კვლავ ჩაკეტილი რჩებოდა, თუმცა საბაზო ეფექტის გამო (რადგან პანდემიის უარყოფითი შედეგების ასახვა გასული წლის პირველ კვარტალში დაიწყო) მომსახურების ექსპორტის წლიური ვარდნა 50.9%-მდე შემცირდა.

ამის გარდა, საქონლის ექსპორტი რეალურ გამოხატულებაში წლიურად 10.8%-ით გაიზარდა. საბოლოო ჯამში 2021 წლის პირველ კვარტალში საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 15.0%-ით, ხოლო საქონლისა და მომსახურების იმპორტი 8.1%-ით იყო შემცირებული, ხოლო წმინდა ექსპორტის წვლილმა ეკონომიკის შემცირებაში -1.9 პპ შეადგინა.

ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელთან შედარებით რეალურად 12.3%-ით იკლო, ხოლო უარყოფითი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში 3.3 პპ-ს გაუტოლდა. მოხმარება 0.8%-ით გაიზარდა, დადებითმა წვლილმა კი 0.7 პპ შეადგინა.

Comments
Loading...