2021 წლის მეორე კვარტალში ადგილობრივ ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

2

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 231.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 415.3 ათასი ვიზიტი.

აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა ორჯერ მეტია 2020 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 654.5 ათასით განისაზღვრა, რაც 112.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების 38.3 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 53.6 პროცენტს შეადგენდა.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 44.1 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 11.6 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

„2021 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა, 47.0 პროცენტი განხორციელდა მეგობრების ან ნათესავების მონახულების მიზნით. ხოლო ყველაზე მეტი, საშუალოდ 316.2 ათასი ვიზიტი თვეში განხორციელდა თბილისში და იმერეთის რეგიონში – საშუალოდ 253.9 ათასი ვიზიტი თვეში. 2021 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 203.4 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 128.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 8.9 პროცენტით და 143.7 ლარს უტოლდება“, – აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

Comments
Loading...