2020 წელს ვაკის რაიონში განხორციელებული პროექტები

17

ვაკის რაიონის გამგეობის მიერ, 2020 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 64 886 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო და რეაბილიტირდა 7 სპორტული მოედანი. დამატებით, 45 მისამართზე სხვადასხვა დაზიანებული დეტალი შეკეთდა და გამოიცვალა, 10 მისამართზე გადახურულ სივრცეებში სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა, 24 მისამართზე კი, კეთილმოეწყო და გამწვანდა დასასვენებელი სივრცეები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკის ადამიანებს შორის სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. მინდა აღვნიშნო რამდენიმე მისამართი – ადგილობრივებთან კომუნიკაციის შედეგად, 2020 წელს ორ მისამართზე კომბინირებული სპორტული მოედნები მოვაწყეთ: თანამედროვე სტანდარტის მინი ფეხბურთის და კალათბურთის სტადიონები განთავსდა 1 200 კვ.მ ფართობზე ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ.

ნუცუბიძის III მიკრორაიონის II კვარტლის I კორპუსის მიმდებარედ კი, 1 100 კვ. მ ფართობზე კი, თანამედროვე სტანდარტის ფეხბურთის სტადიონი და ჩოგბურთის კორტი განთავსდა. ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ აზრებსა და თხოვნებს”, – განაცხადა დავით კვინიკაძემ. გამგებელმა ასევე აღნიშნა, რომ 2020 წელს გამგეობას აქცენტი ჰქონდა გაკეთებული სკვერების მოწყობასა და გამწვანებაზე. „შედეგად, 24 მისამართზე ახალი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეიქმნა, რომლებიც გაზაფხულზე კიდევ უფრო მწვანე და ლამაზი იქნება. მინდა ასევე, აღვნიშნო ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N5 კორპუსის მიმდებარედ და ყაზბეგის N55-ში კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცეები.

3 000 კვ.მ და 2 000 კვ.მ ფართობების სკვერებში განთავსდა ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს ჰქონოდათ გასეირნების, დასვენების, თამაშის და გართობის შესაძლებლობა. ასეთი გარემო შეიქმნა ასევე, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის ცენტრალურ ზოლში – N4-5 კორპუსების მიმდებარედ. 4 200-მდე კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე რამდენიმე სხვადასხვა ზონა განთავსდა. საბავშვო მოედნები სხვადასხვა ატრაქციონით, დასასვენებელი პავილიონი, სპორტის მოყვარულთათვის კი, სავარჯიშო ტრენაჟორების მოედანი“, – აღნიშნა ვაკის რაიონის გამგებელმა.

2020 წელს7 მისამართზე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დამცავი კედლები მოეწყო, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ვაკის რაიონის სხვადასხვა უბანში 224 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა. ავარიული ლიფტები 64 მისამართზე განახლდა. მრავალბინიანი კორპუსების სახურავები 64 მისამართზე რეაბილიტირდა. გამაგრდა 3 ავარიული სახლი. 2020 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებსა და სხვა ადამიანებს 4 500 ნობათი გადაეცათ. სულ, 2020 წლის განმავლობაში შესრულებულ პროექტებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 19 მილიონ 504 689 ლარი დაიხარჯა.

„ადამიანებზე ზრუნვა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის წარმოება მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება. გვაქვს გეგმა, რომელსაც მივყვებით, რიგ მისამართზეც სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, – აღნიშნა დავით კვინიკაძემ.

Comments
Loading...