2019 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 2.3% შეადგინა

38

2019 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 2.3 პროცენტს გაუტოლდა. ხოლო იანვართან შედარებით ფასების საერთო დონე 0.3 პროცენტით გაიზარდა.

თებერვალში სამომხმარებლო კალათაში ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, სიგარეტზე აქციზის გადასახადის მატების გამო მოხდა. იმპორტირებული ფილტრიანი და ადგილობრივად წარმოებული უფილტრო სიგარეტები შესაბამისად 11 და 23 პროცენტით, ხოლო ადგილობრივად წარმოებული ფილტრიანი სიგარეტი 9 პროცენტით გაძვირდა. საერთო ჯამში ამ ცვლილებებმა თვის ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.

სეზონური ფაქტორების გამო გაიაფდა იმერული ყველი და სულგუნი, რამაც თვის ინფლაცია 0.2 პ.პით შეამცირა. თებერვალში წლიურ ჭრილში ყველაზე დიდი ცვლილება ასევე სიგარეტის გაძვირებას უკავშირდება. 2.3 პროცენტიანი ინფლაციიდან თამბაქოს ნაწარმის გაძვირებაზე 1.1 პ.პ მოდიოდა. დიდი გავლენა ჰქონდა ინფლაციაზე პურის, რომელსაც სამომხმარებლო კალათაში ყველაზე დიდი წონა (3.6%) აქვს, გაძვირებას. თებერვალში პური
წლიურად 15 პროცენტით იყო გაძვირებული, ხოლო მისმა წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.5 პროცენტული პუნქტი (პ.პ) შეადგინა. არ ამოწურულა და კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა ინფლაციაში საწვავის გაძვირებას (0.2 პ.პ),
რაც გასული წლის დასაწყისიდან მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ძროხის ხორცის 8 პროცენტიანი გაძვირება და 0.2 პ.პ-იანი წვლილი საერთო ინფლაციაში. საპირისპიროდ,

ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ვაშლისა და შაქრის გაიაფება მოქმედებდა შესაბამისად ფასების 42 და 16 პროცენტიანი კლებით და -0.5 და -0.1 პპ-იანი უარყოფითი წვლილით საერთო ინფლაციაში.
საბაზო ინფლაცია, რომელიც გამოითვლება მაღალი მერყეობით გამორჩეული სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასების ცვლილების გარეშე, თებერვალში მთლიან ინფლაციასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი იყო და 0.2 პროცენტს შეადგენდა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის.

Comments
Loading...