2018 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.2%-ით გაიზარდა

240

2018 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 816.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.2 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 222.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 593.9 მლნ. აშშ დოლარს (18.2 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარში 371.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.5 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 167.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2018 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (112.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (94.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (91.1 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 34.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.3 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 27.3 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.3 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 15.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.0 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 57.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი 48.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8.2 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 29.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.0 პროცენტი).

Comments
Loading...