2018 წელს ყოველწლიური ევროპული დიალოგი EuroDIG საქართველოში გაიმართება

400

6-7 ივნისს, ტალინში ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ყოველწლიური ევროპული დიალოგი EuroDIG 2017 გაიმართა. საქართველოს მხრიდან EuroDIG 2017-ში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა  მიიღო, სადაც EuroDIG-ის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველომ  მიიღო შეთავაზება EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარების შესახებ.

EuroDIG 2018-ის ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი და ორგანიზატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იქნება, რაც ევროპული ქვეყნების მიერ საქართველოს ინტერნეტმმართველობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების კიდევ ერთ მნიშვნელოვან აღიარებას ნიშნავს.

ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ყოველწლიური ევროპული დიალოგი ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბური, ღია და მრავალმხრივი პლატფორმაა. EuroDIG-ზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მონაწილეები ერთმანეთს მოსაზრებებს და საუკეთესო გამოცდილებას უზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი. 

წელს EuroDIG 2017-ში მონაწილეობა ევროპული ქვეყნების 650-მდე წარმომადგენელმა მიიღო როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან. 

გიორგი ჩერქეზიშვილი სიტყვით გამოვიდა EuroDIG 2017-ის ერთ-ერთ სადისკუსიო სესიაში, რომელიც  ციფრული უთანასწორობის დაძლევის საკითხებს ეხებოდა. სესიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით ის დასახლებული პუნქტები დაიფარება, სადაც ოპტიკური ქსელი არ არის. 

სესიაზე გიორგი ჩერქეზიშვილმა ხაზი გაუსვა მცირერიცხოვან დასახლებულ  პუნქტებში ინტერნეტქსელების განვითარების ადგილობრივი ინიციატივების მნიშვნელობას და ამ პროცესებში კერძო სექტორის, სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამის წარმატებულ მაგალითს  ერთ-ერთ მთიან რეგიონში ინტერნეტიზაციის პროექტი წარმოადგენს, რის განხორციელებაშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც იყო ჩართული.

სესიაზე მინისტრის მოადგილემ საქართველოში კავშირგაბმულობის სფეროს განვითარების მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა, შეეხო ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებს და სხვა.

EuroDIG 2017 დახურვის სესიაზე ღონისძიების მასპინძელი ქვეყნის – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სვენ მიკსერმა გიორგი ჩერქეზიშვილს, როგორც მომავალი EuroDIG-ის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, EuroDIG-ის გარდამავალი დროშა გადასცა  და EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარებაშიწარმატებები უსურვა. 

Comments
Loading...