2017 წლის ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 3,8% შეადგინა

261

2017 წლის ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 3,8% შეადგინა, ხოლო 7 თვეში წინასწარი მონაცემებით, საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4,4%.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:

  • მშენებლობა – ზრდა 11.7%;
  • სასტუმროები და რესტორნები – ზრდა 16.4%;
  • ვაჭრობა – ზრდა  4.8%.

"საქართველოს  მთავრობამ 2017 წელს 4% ეკონომიკური ზრდა დაგეგმა. ჯერჯერობით ჩვენ იმედი გვაქვს, რომ  წლის ბოლომდე ეს პოზიტიური ტენდენეცია შენარჩუნდება და  ჩვენ გავალთ უფრო მაღალ შედეგზე ვიდრე დაგეგმილი იყო, ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს", – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის  და განვითარების მთავარი წარმმართველი და სამუშაო ადგილების შემქმნელი არის კერძო სექტორი, შესაბამისად  ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური მაჩვენებლები რაც თავად კერძო სექტორში გვაქვს.

კერძოდ, ბოლო მონაცემებით, 2017 წლის 2 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.9%-ით გაიზარდა, ხოლო სექტორის გამოშვება – 18.9%-ით.

"ზრდა არის კერძო სექტორში დასაქმების მიმართულებითაც. 2017 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 5.0%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 6.0%-ით გაიზარდა. მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასის თვალსაზრისითაც. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 13.2%-ით არის გაზრდილი და 1 106.9 ლარს შეადგენს", – აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა გაზრდილია თითქმის ყველა სექტორში.  ბიზნეს სექტორის ბრუნვის ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 14%);  ხელოვნება, გართობა, დასვენების (ზრდა 39%), დამამუშავებელი მრეწველობის (19%), მშენებლობის (21%) და ენერგეტიკის სექტორებმა (21%)  შეიტანეს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, თანდათანობით საქართველოს ეკონომიკაში შეინიშნება გაჯანსაღების ტენდენცია, რისი მაჩვენებელიც ის არის, რომ დასაქმებულებში დაქირავებით  დასაქმებულების წილი იზრდება, ხოლო თვითდასაქმებულების წილი შესაბამისად ნელ-ნელა იკლებს, რაც ასევე პროდუქტიულობის ზრდის მაჩვენებელია.

"ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ ეკონომიკურ ზრდასა და ექსპორტზე", – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

კერძოდ, 2017 წლის 7 თვეში  ექსპორტის ზრდამ 28,9% შეადგინა. გაზრდილია შემდეგი პროდუქტების ექსპორტი:

  • სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი  21%-ით;
  • ფეროშენადნობის ექსპორტი 14%-ით;
  • ღვინის ექსპორტი 38%-ით;
  • სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 105%-ით;
  • სპირტიანი სასმელების ექსპორტი 52%-ით.
Comments
Loading...