2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13.5%-ით გაიზარდა

278

2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4822.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.5%-ით მეტია; აქედან ექსპორტი 1234.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 3588.2 მლნ. აშშ დოლარს, – შესაბამისს მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივნისში 2354.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.8% შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 982.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 30%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1303.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.9%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 294,7 მლნ. აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 1008.5 მლნ. აშშ დოლარი. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.9% და იმპორტში 28.1%. ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30.3%.

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ივნისში 1539.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 474.1 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 1065.1 მლნ. აშშ დოლარი იყო. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31.9% იყო, მათ შორის ექსპორტში 38.4% და იმპორტში 29.7%. 2017 წლის იანვარ-ივნისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 25.1%.

2017 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

2017 წლის იანვარ-ივნისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 216.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 17.5% შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 153.5 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.4%-ს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 84.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6.9% შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-ივნისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 285.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.9% შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 222.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.2% იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 182.2 მლნ. აშშ დოლარით.

Comments
Loading...