2017 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

406

წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა და 788 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 13%-ით გაიზარდა და 2 303 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

აპრილში ექსპორტი 28%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 6%-ით. საბოლოო ჯამში აპრილში სავაჭრო ბალანსი 11.6 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

მიმდინარე წლის აპრილში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობების (73%), მაისურების და თბილი სამოსის (71%), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (39%), მედიკამენტების (26%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (8%) და მინერალური და მტკნარი წყლების (5%) ექსპორტი.

რაც შეეხება იმპორტს – გაზრდილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (37%), ნავთობის აირებისა და ნახშირწყალბადების (32%) და სატელეფონო აპარატების (52%) იმპორტი. საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების პარალელურად, მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რასაც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები.

2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. აღნიშნული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა – ზრდამ 45% შეადგინა, ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13%-ით, ხოლო მარტში 36.4%-ით გაიზარდა. ექსპორტის ზრდას ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრებზე შედარებით გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ.

Comments
Loading...