2017 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 3.3%-ით გაიზარდა

286

2017 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 112.1 მლნ ლარით (3.3 პროცენტით) გაიზარდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 3.6 მლრდ ლარი შეადგინა. შესაბამისს მონაცემებს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 91.5 მლნ ლარით (2.7 პროცენტით) გაიზარდა. პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის მაჩვენებელი 15.9 პროცენტს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, სავალუტო აუქციონის მეშვეობით ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები შესყიდვის მიმართულებით (შეისყიდა 40 მლნ აშშ დოლარი) განახორციელა. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა აგვისტოში 25.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, აღნიშნული ოპერაციების მიხედვით წმინდა უცხოური აქტივები გაიზარდა 14.5 მლნ დოლარით.

2017 წლის აგვისტოში, მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 241.7 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 880.0 მლნ ლარს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, განთავსდა 20.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები და დაიფარა 20.0 მლნ ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატი.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 220.0 მლნ ლარით და 930.0 მლნ ლარს შეადგენს. გალარების პროგრამისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხარდამჭერი ინსტრუმენტებით გაცემული სესხების ნაშთი აგვისტოს ბოლოსთვის გაიზარდა 7.7 მლნ ლარით და შეადგინა 247.4 მლნ ლარი. საანგარიშო პერიოდში ასევე გაიცემოდა ერთდღიანი სესხი, რომლის ნაშთი თვის ბოლოსთვის გაიზარდა 50.0 მლნ ლარით. აგვისტოს თვეში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 162.4 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის 1567.9 მლნ ლარს გაუტოლდა.

ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, საანგარიშო პერიოდში სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 112.1 მლნ ლარით გაიზარდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 68.8 მლნ ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები 55.7 მლნ ლარით გაიზარდა და 468.8 მლნ ლარი შეადგინა. 12.4 მლნ ლარით შემცირდა კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთები.

Comments
Loading...