2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13.8%-ით გაიზარდა

192

2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 707.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2 728.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (29.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 979.4 მლნ. აშშ დოლარს (9.4 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5 251.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2 063.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.5 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

2017 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 844.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 646.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (13.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 197.5 მლნ. აშშ დოლარი (0.8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26.6 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.7 პროცენტი და იმპორტში 27.5 პროცენტი (2016 წელს შესაბამისად 29.6, 27.1 და 30.4 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29.5 პროცენტი (2016 წელს 31.7 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წელს 3 541.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წელთან შედარებით 30.2 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 1 180.7 მლნ. აშშ დოლარი (60.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 360.9 მლნ. აშშ დოლარი იყო (19.2 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33.1 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 43.3 პროცენტი და იმპორტში 29.6 პროცენტი (2016 წელს შესაბამისად 28.9, 34.9 და 27.2 პროცენტი). 2017 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 22.5 პროცენტი (2016 წელს 24.0 პროცენტი).

2017 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1 589.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 183.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (939.5 მლნ. აშშ დოლარი).

2017 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 419.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.4 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 306.9 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა.

ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 234.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8.6 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წელს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 696.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 474.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5.9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 350.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.4 პროცენტი).

Comments
Loading...