2016 წლის IV კვარტალში საგადასახდელო ბალანსის ანგარიშის დეფიციტმა 661.6 მლნ დოლარი შეადგინა

460

2016 წლის მეოთხე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 661.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, წლიური მაჩვენებელი 1.9 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა და მშპ-ს 13.3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ მონაცემებსეროვნული ბანკი ავრცელებს.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2016 წლის მეოთხე კვარტალში წლიურად 1.8 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წლის განმავლობაში 3.5 პროცენტიანი შემცირების შედეგად 3.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. მეოთხე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 3.3 პროცენტით ხოლო იმპორტი 2.4 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2016 წლის მეოთხე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 6.9 პროცენტით,  ხოლო იმპორტი 1.0 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 12.5 პროცენტით გაიზარდა და მეოთხე კვარტალში 481.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 11.8 პროცენტით გაიზარდა  და 2016 წლის მეოთხე კვარტალში 331.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გაზრდილი იყო როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის ტრანსფერები.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეოთხე  კვარტალში 271.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინ1, რაც კვარტალური მშპ-ს 7.2 პროცენტია. მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა.

Comments
Loading...