2016 წლის III კვარტალში საგადასახდელო ბალანსის დეფიციტმა 316.7 მილიონი დოლარი შეადგინა

497

2016 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 316.7 მლნ აშშ დოლარი (735.6 მლნ ლარი, მესამე კვარტალის მშპ-ს 8.4 პროცენტი) შეადგინა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2016 წლის მესამე კვარტალში წლიურად 56.6 პროცენტით გაიზარდა (ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გრანტით მიღებული მედიკამენტების იმპორტის გარეშე 7.0 პროცენტით შემცირდა) და 1.8 მლრდ აშშ დოლარი (4.3 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 1.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი 33.2 პროცენტით გაიზარდა (ცე ჰეპატიტის მედიკამენტების გარეშე საქონლის იმპორტი წლიურად 4.7 პროცენტით შემცირდა).

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2016 წლის მესამე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 7.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 8.2 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 10.1 პროცენტით გაიზარდა და 817.0 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 2.6-ჯერ გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (2.8 მლრდ ლარი) შეადგინა. ზრდა, უმთავრესად, განპირობებული იყო სამთავრობო სექტორის მიმდინარე ტრანსფერების 4.1-ჯერადი მატებით, საიდანაც 911.6 მლნ აშშ დოლარი ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარებაა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მესამე კვარტალში 421.0 მლნ აშშ დოლარი (977.6 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც კვარტალური მშპ-ს 11.2 პროცენტია. მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის, მშენებლობის და მრეწველობის სექტორებში განხორციელდა.

Comments
Loading...