2016 წლის მონაცემებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვებისა და დასაქმების ზრდა დაფიქსირდა

316

2016 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წელთან შედარებით 12.5%-ით გაიზარდა და 64.1 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 14.5%-ით, საშუალოსი – 5.6%-ით, ხოლო მცირე ზომის საწარმოების ბრუნვის ზრდამ  14.6% შეადგინა. 2016 წლის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის 55.9% მცირე და საშუალო ზომის საწარმოებზე მოდის.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების და ინოვაციების წახალისების მიმართულებით. მთავრობის მიერ ინიცირებულ იქნა მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებული ისეთი პროგრამები, როგორიცაა:  "აწარმოე საქართველოში", "ერთიანი აგრო პროექტი" და "სტარტაპ საქართველო".  ამასთან, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" წარმატებით ახორციელებს მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს საქართველოს რეგიონებში.

აღნიშნული პროგრამები მიზნად ისახავს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას სხვადასხვა ტიპის ფინანსური და არაფინანსური მექანიზმების საშუალებით.

რაც შეეხება სტატისტიკას, საქმიანობის სახეების მიხედვით, ბრუნვა გაიზარდა თითქმის ყველა სექტორში.  2016 წელს, გასულ წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ვაჭრობის (9.7%-იანი ზრდა), ხელოვნების, გართობის და დასვენების (37.5%-იანი ზრდა), მშენებლობის (26.0%-იანი ზრდა) და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებმა (9.4%-იანი ზრდა).

2016 წელს ბიზნესსექტორის გამოშვება 34.2 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 14%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. მათგან, მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 13.4%-ით, საშუალო ზომის საწარმოების 8.9%-ით, ხოლო მცირე საწარმოების 18.6%-ით.

2016 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა  საშუალო რაოდენობა  6.4%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 6.1%-ით გაიზარდა და შესაბამისად 666.8  ათასი და 620.1 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 32.7% მსხვილ ბიზნესზე, 21.3%  საშუალო, ხოლო 46.0%  მცირე ბიზნესზე მოდის.

2016 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს ვაჭრობის (8.7%-იანი ზრდა),  ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.6%-იანი ზრდა), ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების (7.0%-იანი ზრდა), მშენებლობის (5.5%-იანი ზრდა) და სასტუმროების და რესტორნების (10.3%-იანი ზრდა)  სექტორებმა.

მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასის თვალსაზრისითაც. აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით 41.5 ლარით გაიზარდა და 938.3 ლარი შეადგინა.

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბიზნეს სექტორის განვითარებას და დასაქმების ზრდას.

Comments
Loading...