2016 წლის დეკემბერში საქართველოში ინფლაციამ წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 1,8% შეადგინა

526

2016 წლის დეკემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,0 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 1,8 პროცენტი შეადგინა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 19,0 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისს მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,47 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (9,2 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის (2,9 პროცენტი) და ხორცისა და ხორცის პროდუქტების (2,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 2,3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,27 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8,5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,0 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

მოცემულ პერიოდში ფასების 13,1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფზე, რაც 0,80 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

ფასები მკვეთრად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (23,2 პროცენტი). ფასების მატება დაფიქსირდა ასევე ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფებზე (4,6 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,6 პროცენტით და ჯგუფმა 0,51 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფზე – შაქარი, ჯემი, თაფლი, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი (16,3 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,26 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,7 პროცენტი);

ფასები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფზე შემცირდა 5,7 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე -0,19 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა. ჯგუფში ფასების კლება დაფიქსირდა როგორც ტანსაცმლის (-5,2 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-7,1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

Comments
Loading...