2016 წელს, 2015 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5%-ით გაიზარდა

420

წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია 5%-ით და 1.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

2016 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა პირველ და მეოთხე კვარტლებში. ხოლო, მეორე და მესამე კვარტლებში დაფიქსირდა ინვესტიციების შემცირება, შესაბამისად 1.1% და 3.0%.

2016 წელს, უმსხვილეს ინვესტორთა ხუთეულს ქვეყნების მიხედვით წარმოადგენს: აზერბაიჯანი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ჩეხეთი. 2015 წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თურქეთიდან, ჩეხეთიდან, აშშ-დან და აზერბაიჯანიდან. ხოლო, ინვესტიციები შემცირებულია გაერთინებული სამეფოდან, ნიდერლანდებიდან და ლუქსემბურგიდან.

2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორებში, ხოლო შემცირებულია საფინანსო სექტორში. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების მოცულობა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში 2013 წლიდან იზრდება და ეს ტენდენცია 2016 წელსაც შენარჩუნდა. ამასთან, ენერგეტიკაში ინვესტიციები კვლავ გაიზარდა, 2014-15 წლებში შემცირების შემდეგ.

2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი წილი კვლავ თბილისშია კონცენტრირებული. ამავე პერიოდში გაზრდილია თბილისში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა. თბილისის შემდეგ, ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი რეგიონებია აჭარა, ქვემო ქართლი და სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია, ხოლო ნაკლებად მიმზიდველია შიდა ქართლი.

2016 წელს ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია ქვემო ქართლში (265%; 56 მლნ აშშ დოლარით), სამცხე-ჯავახეთში (79%; 22 მლნ აშშ დოლარით), შიდა ქართლში (16 მლნ აშშ დოლარით), სამეგრელო-ზემო სვანეთში და გურიაში (6%; 2 მლნ აშშ დოლარით) და იმერეთში (3%; 0.9 მლნ აშშ დოლარით), ხოლო მნიშვნელოვნად შემცირებულია კახეთსა (-94%; 15 მლნ აშშ დოლარით) და აჭარაში (-21%; 43 მლნ აშშ დოლარით).

Comments
Loading...