20 სექტემბრიდან აშშ მოქალაქეებს Covid-19-ის ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებს

2

აშშ-ის ჯანდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ამერიკელებს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის, ბუსტერის გაკეთების რეკომენდაცია მისცეს. ჯანდაცვის წარმომადგენლები მოქალაქეებს დამატებითი დოზის მიღებას ვირუსის დელტა ვარიანტისგან თავის დასაცავად ურჩევენ, რადგანაც მისი გავრცელება საკმაოდ მაღალია, აცრიდან რამდენიმე თვეში კი ვაქცინის ეფექტიანობა კლებულობს. შესაბამისი სამოქმედო გეგმა ოფიციალურმა უწყებებმა დღეს გაასაჯაროვეს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინის დამატებითი, მესამე დოზით, მოქალაქეები უნდა აიცრან მეორე აცრის გაკეთებიდან 8 თვის შემდეგ. საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინები გაიკეთეს. მესამე დოზის მიღება ამერიკაში 20 სექტემბრიდან დაიწყება.

ჯანდაცვის ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დამატებითი დოზა სავარაუდოდ იმ პირებსაც დასჭირდებათ, რომლებიც Johnson & Johnson ერთდოზიანი ვაქცინით აიცრნენ. თუმცა, აცხადებენ, რომ დაზუსტებით ამის მტკიცებას მეტი მონაცემის შეგროვების შემდეგ შეძლებენ.

გაცხადებული გეგმა ჯერჯერობით სურსათისა და მედიკამენეტების ადმინისტრაციის დასტურს ელოდება, რომელმაც მესამე დოზის ეფექტურობა და უსაფრთხოება უნდა დაადგინოს.

Comments
Loading...