1500 ლარამდე ხელფასზე საშემოსავლო გადასახადის შეღავათი მაისში სრულდება

9

1500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამა მაისში სრულდება. შესაბამისად, მაისის ხელფასი იქნება უკანასკნელი, როდესაც ბიზნესები შემცირებულ საშემოსავლო გადასახადს გადაიხდიან.

1500 ლარამდე საშემოსავლო გადასახადის შეღავათი საქართველოს მთავრობამ თავდაპირველად 2020 წლის მაისში დააწესა და ის 6 თვის განმავლობაში მოქმედებდა. 2020 წლის 26 ნოემბერს კი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში ხელახალი ლოქდაუნის დაწესების დროს განაცხადა, რომ მთავრობა ამ შეღავათს კიდევ 6 თვით გაახანგრძლივებდა. ამ განცხადებიდან მალევე პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეიტანა.

კანონის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის შეღავათები არ გავრცელდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ასევე მარეგულირებელ ორგანოებსა და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებზე.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის პირველ კვარტალში კერძო სექტორმა ამ შეღავათის შედეგად 128 მილიონი ლარის სარგებელი მიიღო.

2021 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის სახით ნაერთ ბიუჯეტში 834 მილიონი ლარი შევიდა. შესაბამისად, რომ არა 1500 ლარამდე საშემოსავლო გადასახადის შეღავათი ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში 962 მილიონი ლარი შევიდოდა.

Comments
Loading...