15 ბენეფიციარმა კომპანიამ მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის პერიოდი დაასრულა

396

სახელმწიფო პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" ჩართულმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს 15 ბენეფიციარმა კომპანიამ, პროგრამის ფარგლებში სააგენტოსთან 24 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის პერიოდი დაასრულა და საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული 15 კომპანიიდან 12 სრულიად ახალი საწარმოა, რომლებმაც პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით წამოიწყეს ახალი საქმიანობა, ხოლო 3 საწარმომ პროგრამის ფარგლებში არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება შეძლო და მნიშვნელოვნად განავითარა საკუთარი ბიზნესი.

ამასთანავე, უნდა აღნიშნოს, რომ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აღნიშნული 15 საწარმოდან 5 ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლებმაც პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით პირველად განახორციელეს ექსპორტი და 2 720 653 ლარის ღირებულების პროდუქტის საზღვრებს გარეთ გატანა მოახერხეს.

ხსენებული 15 კომპანიის მიერ განხორციელებული საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა 60 800 000 ლარზე მეტია, სუბსიდიის სახით  მათზე 6 899 329 ლარია გაცემული, ხოლო გადასახადების სახით კი სახელმწიფოს ბიუჯეტში 12 969 167 ლარია შემოსული, რაც საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია.  მნიშვნელოვანია, ასევე ისიც, რომ სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, საწარმოების მიერ  470 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი, სამომავლოდ კი  დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან კომპანიები აქტიურად გეგმავენ წარმოების გაფართოებას.

დღეის მდგომარეობით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა, მათ შორის, კინოინდუსტრიისა და სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტების ფარგლებში, მხარდაჭერილია 184 პროექტი, რომელთა მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა 384 000 000 ლარზე მეტია. მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული პროექტების დახმარებით საქართველოში ჯამურად შექმნილია 7 966 ახალი სამუშაო ადგილი.

Comments
Loading...