1 ივლისიდან კაფეები და რესტორნები 00:00 საათამდე იმუშავებენ

6

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ.

მისივე თქმით, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც და გასართობ დაწესებულებებზე.

„შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ. რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული დროის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებენ, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ცხადია, ღამის კლუბებს. ამასთან, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა კი 1-ლი ივლისიდან მოიხსნება.

დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა კი 1-ლი ივლისიდან მოიხსნება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ვითარების ეფექტური მართვის მიზნით, მოქმედი რეგულაციები ეტაპობრივად შემსუბუქდა, რათა ერთის მხრივ არ გაუარესებულიყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ხოლო მეორეს მხრივ, ხელი შეწყობოდა ეკონომიკის აღდგენას.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის პროცესის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 1-ლი ივლისიდან გაუქმდეს ღამის საათებში – 23:00-04:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა;

გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად, 1-ლი ივლისიდან, კვების ობიექტების მუშაობა ნებადართული იქნება 00:00 საათამდე. საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება.

ამასთან, დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება და ექნება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი, ვინაიდან, პირბადე მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად არის აღიარებული. პირბადის ტარება ისევ სავალდებულო იქნება ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ორ კვირაში ქვეყანაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა.

ქვეყანა მასობრივი ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის უკვე მზად არის. ამ მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წინა სხდომაზე უკვე დამტკიცდა ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით შემუშავდა.

გეგმა მოიცავს, როგორც ვაქცინაციის ბრიგადების რაოდენობის გაზრდის ნაწილს, ისე სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისთვის, მათ შორის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების ჩართვას ვაქცინაციის პროცესში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, კვლავ აუცილებელია, დაიცვან სოციალური დისტანცია, ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების პრევენციას, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 360 055 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 346 217 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5199 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 32 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 605 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 2698 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Comments
Loading...