“ჰამასს ძვირი დაუჯდება ეს სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ” – ინტერვიუ ისრაელის ელჩთან

7

“ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ მხარდაჭერით, რომელიც ამ დრომდე მივიღეთ საქართველოსგან“ – აცხადებს ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი.

“აიპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ელჩი აცხადებს, რომ „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფება პასუხს აგებს იმ სისხლიანი “თავგადასავლისთვის”, რაც მოაწყო.

“ეს არ არის ომი ისრაელსა და პალესტინას შორის, არც ისრაელსა და არაბებს შორის, არამედ, ეს არის ომი ანტისემიტურ, სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციასა და დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიულ სახელმწიფოს შორის.“ – აღნიშნავს ელჩი ჩვენთან საუბრისას.

აიპრესი: უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ისრაელს და მის ხალხს ამ ტრაგედიას. 

ბატონო ელჩო, ყველანაირ სამხედრო კონფლიქტს თუ ომს აქვს თავისი მიზეზი. რა არის ამ კონფლიქტის მიზეზი – რელიგია, ტერიტორია, რამე სხვა კონკრეტული თუ მათი აზრით, თქვენ საერთოდ არ გაქვთ არსებობის და იქ ყოფნის უფლება?

ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე  კონფლიქტი მეტად კომპლექსურია და სათავეს იღებს 1880-იანი წლებიდან. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი მოვლენების ციკლთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. ისრაელი პალესტინასთან ნელა, მაგრამ, ასე თუ ისე, წარმატებულ სამშვიდობო პროცესშია ჩართული 1993 წლიდან (ოსლოს მშვიდობის შეთანხმება), რის შემდეგაც შეიქმნა პალესტინის ადმინისტრაცია პრეზიდენტ აბასის ხელმძღვანელობით.

2007 წელს, ჰამასის ორგანიზაცია (რომელიც ითვლება ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ-ში, ევროკავშირში, კანადაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში) გაძლიერდა, დაამხო მაშინდელი პალესტინის ხელისუფლება და ღაზას სექტორში გახდა დე ფაქტო მმართველი. შესაბამისად, პალესტინის ტერიტორია იყოფა ორ ნაწილად: მდინარე იორდანიას დასავლეთი ნაწილი კონტროლირებადია პალესტინის ხელისუფლების მიერ და ღაზას სექტორი ჰამასის მმართველობის ქვეშ. რამდენიმე თვის წინ, პრეზიდენტმა აბასმა გამოაცხადა, რომ აპირებდა 2006 წლის შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩაეტარებინა. მას შემდეგ, რაც გაანალიზა, რომ მის პარტიას, ფათაჰს, დიდი ალბათობით დაამარცხებდა ჰამასი, ერთპიროვნულად გააუქმა არჩევნები. ამ გადაწყვეტილებას შესაბამისად, მოყვა ჰამასის მძაფრი რეაქცია. ჰამასმა გადაწყვიტა ყველასთვის ეჩვენებინა ვინ იყო  „მთავარი“ პალესტინის ტერიტორიაზე.

ამ ყველაფერს მოჰყვა 10 მაისის იერიში ისრაელზე. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ჰამასი სულაც არ ცდილობს თვითგამორკვევას ან  პალესტინისთვის დამოუკიდებლობის მოპოვებას. ფაქტობრივად, ეს არის ისლამური საძმოს განშტოება, რომელიც 1920-იან წლებში შეიქმნა და ითვლება ექსტრიმალურად საშიშ მიმდინარეობად ახლო აღმოსავლეთის არაბულ და მუსლიმურ ქვეყნებშიც კი.

„ჰამასის მანიფესტი“, რომელიც ინტერნეტითაც კი გამოაქვეყნეს, წარმოადგენს ანტისემიტურ პროპაგანდას და მოუწოდებს მუსლიმებს ებრაელთა ხოცვისაკენ; საუბარი მხოლოდ ისრაელის მოქალაქეებზე არ არის.

აიპრესი:  ამ ბოლო ხანებში თითქოს არაფერი მოასწავებდა სიტუაციის ასეთ გაწვავებას. რეალურად რა გახდა ამის საბაბი?

როგორც უკვე მოგახსენეთ, ამის მთავარი მიზეზი იყო პრეზიდენტ აბასის მიერ პალესტინის არჩევნების გადადება, თუმცა ჰამასმა ამ ყველაფრის მოსაწყობად გამოიყენა მრავალწლიანი დავა კერძო საკუთრებაზე. საუბარია აღმოსავლეთ იერუსალიმში არაბებით დასახლებულ შეიხ-ჯარას რაიონში ისრაელის პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე (რომლის თანახმადაც ათეულობით პალესტინელის საცხოვრებელ ადგილას ოთხი ებრაული ოჯახი უნდა შესახლდეს. ავტ).

თუმცაღა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, პროკურატურის მოთხოვნით,  ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ერთი თვით გადადო არაბთა გამოსახლების საკითხის განხილვა, რამაც შეიძლება მცირედით მაინც განმუხტოს ვითარება. ვფიქრობ, ის საერთაშორისო დამკვირვებლები, ჟურნალისტები და დიპლომატებიც კი, რომლებიც აკრიტიკებდნენ ისრაელის გადაწყვეტილებას შეიხ ჯარასთან დაკავშირებით, არ მიიჩნევენ, რომ ეს გამამართლებელი არგუმენტია იმ ბოროტებისთვის, რაც ჰამასმა ჩაიდინა, საუბარია საცხოვრებელი სახლებისა და დასახლებული პუნქტების დაბომბვაზე.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა რამადანია, ემოციურად ყველაზე რთული პერიოდი.

აიპრესი: .პალესტინური მხარე სულ ხშირად აპელირებს ისრაელის საჰაერო შეტევების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებზე, როგორც ვიცით, ჰამასის მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციები ხშირად მიმართავენ საკუთარი მოქალაქეების ცოცხალ ფარად გამოყენების ტაქტიკას. კონფლიქტის უკანასკნელი ესკალაციის დროს იყო შემთხვევა, როდესაც ტერორისტებმა მეჩეთი გამოიყენეს საბრძოლო იარაღის შესანახ პუნქტად, ასევე ისინი არ ერიდებიან ჰოსპიტალებში სამხედრო ცენტრების განთავსებას, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში საკმაოდ რთულია საბრძოლო მოქმედების დროს დისკრიმინაციის პრინციპის ქვეშ ლავირება, თქვენი აზრით, რა უნდა მოიმოქმედოს ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა, რომ ნახსენები ტიპის მსხვერპლი მაქსიმალურად იქნას თავიდან არიდებული და მოწინააღმდეგე მხარეს საერთაშორისო საინფორმაციო ველზე ნაკლები საშუალება ჰქონდეს ისრაელის მტრულ ძალად წარმოჩენისთვის.

აბსოლუტურად გეთანხმებით. ფაქტობრივად, ჰამასი ორმაგად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს: პირველ რიგში, იყენებს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს (მეჩეთებს, საავადმყოფოებს, სკოლებს), როგორც ტყვია-წამლის შესანახ ობიექტებს, სამხედრო ბუნკერებსა და სარაკეტო მოწყობილობების განსათავსებლად, რომლებსაც ისრაელის წინააღმდეგ იყენებს და ამავდროულად, საფრთხის ქვეშ აყენებს საკუთარ მოსახლეობას. ასევე, დამიზნებით, სპეციალურად ისვრის რაკეტებს დასახლებული პუნქტებისკენ-ქალაქებისა და სოფლების მიმართულებით. სწორედ ამიტომაა მიჩნეული ტერორისტულ ორგანიზაციად. საზოგადოება არ უნდა შეცდეს დასკვნების გამოტანისას – ეს არ არის ომი ისრაელსა და პალესტინას შორის, არც ისრაელსა და არაბებს შორის, არამედ, ეს არის ომი ანტისემიტურ, სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციასა და დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიულ სახელმწიფოს შორის.

აიპრესი: საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ისრაელი გეგმავს სახმელეთო იერიშის მიტანას ღაზას სექტორის მიმართულებით და წინა დღეებშიც ვნახეთ კადრები, როდესაც ღაზას საზღვრისკენ მიემართებოდა მძიმე ტექნიკა, რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი სიმართლეს და რის მიღწევას შეეცდება ისრაელი ნახსენები სამხედრო ოპერაციის გზით, რა იქნება შედეგი, რომლის შემდგომაც შესაძლოა ჩავთვალოთ, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა?

ბუნებრივია, შეუძლებელია ჩვენი სამხედრო გეგმების მედიისათვის გაზიარება. წინა პერიოდში 2009, 2012 და 2014 წლებში, ჰამასთან ომის დროს, საომარი მოქმედებები ითვალისწინებდა სახმელეთო იერიშს ღაზა სექტორზე. ისრაელის მთავრობა ამ ნაბიჯზე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა წავიდეს, რადგან ეს ორივე მხრიდან ადამიანური რესურსის დიდი დანაკარგი იქნება. მაგრამ, აუცილებელია ჰამასზე ისეთი მძიმე დარტყმის მიყენებაც, რომ ამ ორგანიზაციამ ვეღარ შეძლოს ჩვენი მოქალაქეებისათვის საფრთხის შექმნა.

უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ ჰამასმა მეტად მაღალი საფასური უნდა გადაიხადოს და ძვირი დაუჯდება ის სისხლიანი “თავგადასავალი”,  რომელიც მოიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მან ვეღარ უნდა გაბედოს ამის გამეორება. ასე რომ, ამ ეტაპისთვის ყველა გეგმა მაგიდაზეა, სახმელეთო იერიშის ჩათვლით.

აიპრესი: გახმაურებული ამბავია ძალიან, ერთხელ  გოლდა მეიერმა ჰენრი კისინჯერს ისრაელის სასარგებლოდ რაღაც გადაწყვეტილების მიღება სთხოვა და გაახსენა, შენც ებრაელი ხარო. კისინჯერმა უთხრა, რომ ის ჯერ ამერიკელია, მერე  აშშ სახელმწიფო მდივანი და მხოლოდ ამის შემდეგ – ებრაელი. ქალბატონმა მეიერმა არ დააყოვნა და უპასუხა: ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩვენ მარჯვნიდან მარცხნივ ვკითხულობთო. საოცრად საინტერესო ადამიანი იყო. როგორ ფიქრობთ, რას იტყოდა ახლა ამ სიტუაციაზე და როგორ იმოქმედებდა?

ნამდვილად საინტერესო კითხვაა, მაგრამ რთულია განსაზღვრო როგორ მოიქცეოდა გოლდა მეიერი ამ კონკრეტულ გარემოებაში. გოლდა გახლდათ ჩვენი პირველი და, ამ დრომდე, ერთადერთი ქალი პრემიერ მინისტრი, რომელსაც სამხედრო საკითხებში გამოცდილება აკლდა. ისრაელის ლიდერების უმეტესობა მსახურობდა ისრაელის თავდაცვის ძალებში, მეტიც, მეთაურობდა კიდეც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როცა საქმე ჰამასის ტერორიზმთან ბრძოლაზე დგება, ისრაელის პოლიტიკოსების მოსაზრებებს შორის რთულია განსხვავების დანახვა. საზოგადოებაშიც რაღაც ვირტუალური თანხმობაა ამ საკითხთან მიმართებით.

აიპრესი: როგორ შეაფასებდით აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში კეთდება? ხომ არ ელოდებოდით უფრო მეტ მხარდაჭერას?

ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო ისრაელის ერთგული მეგობარი და მოკავშირე. რაც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ, ადასტურებს ამერიკის მხარდაჭერის სტაბილურობას, მიეხადავად იმისა თუ ვინ ზის ოვალურ კაბინეტში. აღსანიშნავია, რომ შტატების წარმომადგენლობა არა ფასადურად, არამედ დიპლომატიურად უდგას ქვეყანას გვერდით, რაც გამოიხატებოდა ისრაელის საწინააღმდეგოდ მიმართული მანევრების დაბლოკვისას გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე.

Comments
Loading...