“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” უპრეცედენტო კამპანია #დაზოგეწყალი დაიწყო

365

#დაზოგეწყალი – კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო, რომლის მიზანი წყლის რესურსის მდგრადი მოხმარება, დაზოგვა და მოზარდი თაობის დახმარებით აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. პროექტი  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს განცხადებას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსი" ავრცელებს.

კამპანია ,,დაზოგე წყლის“ პრეზენტაცია, დღეს, 22 მარტს, წყლის რესურსის დაზოგვის საერთაშორისო დღეს, ვარკეთილის N117-ე სკოლაში ჩატარდა.

#დაზოგეწყალი – უპრეცედენტო ეროვნული საგანმანათლებლო კამპანიაა, რომლის საპილოტე პროექტი ვარკეთილის რაიონის 16 სკოლაში, 3 თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვასთან“ ერთად განხორციელდება.  აღნიშნული სკოლების მოსწავლეები გაივლიან საგანმანათლებლო ტრენინგებს, gwp ოლიმპიადის ფარგლებში  ერთმანეთს  წყლის დაზოგვასა და ეკოვიქტორინაში შეეჯიბრებიან, ასევე წყლის დაზოგვის საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ. გამარჯვებული სკოლის გუნდი „ეკობანაკის“ საგზურით დაჯილდოვდება.

დღეს, კამპანიის პრეზენტაციისას პროექტის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და განვითარების ეტაპებზე  დეტალურად ისაუბრეს:  კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა – გიორგი ცხადაძემ, ქალაქ თბილისის მერმა – დავით ნარმანიამ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა – გიგლა აგულაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ – ლია გიგაურმა.

კამპანიის პრეზენტაციის დროს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  პროექტის მხარდამჭერ სამინისტროებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

აღნიშნული საპილოტე პროექტი, წყლის რესურსის მდგრადი მოხმარების ეროვნული  მასშტაბის კამპანიის საფუძველია.  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაზოგე წყლის კამპანიას თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს.

Comments
Loading...