“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” კრეათონს იწყებს

363

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების  სააგენტოსთან ერთად, წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის, კიდევ ერთ პროექტს იწყებს. კომპანია 23, 24 და 26 ივნისს, რიგით მეორე, ტექნიკური ტიპის კრეათონს ჩაატარებს.

კრეათონი, სამშენებლო, საინჟინრო, ენერგეტიკის და საბუნებისმეტყველო (ფიზიკა) მიმართულებებით გაიმართება.

პროექტის მიზანი, ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებული ტალანტების და ინოვაციური იდეების მქონე, ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტების, კურსდამთავრებულების და მაგისტრანტების მოზიდვაა.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები დავალებებს ჯგუფურად შეასრულებენ და საუკეთესო ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებას შეეცდებიან. სტუდენტებს ინოვაციური პროექტების შექმნაში გამოცდილი მენტორები დაეხმარებიან, კონსულტაციას კი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დარგის სპეციალისტები გაუწევენ.

კრეათონის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო პროექტების ავტორები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.  კრეათონში გამარჯვებული, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები  ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა სხვა მონაწილეს კი დიპლომი გადაეცემა.

კრეათონში მონაწილეობის მსურველებმა 22 ივნისამდე უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე https://goo.gl/j3J19D

Comments
Loading...