ჯანიაშვილი ვაშაძის კლიპზე – საპენსიო სესხს 36%-იანად გააპიარებენ, ხოლო შემდეგ “ბრძოლის შედეგად” 30%-მდე შემცირებულად წარმოაჩენენ

2

ეკონომისტი, ანალიტიკოსი, მერაბ ჯანიაშილი მედიით გავრცელებულ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც  „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ საპენსიო სესხთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფორმატში, პროცენტის სხვადასხვა ნიშნულს აფიქსირებს. კერძოდ, ერთგან (სარეკლამო რგოლში) ამბობს, რომ საპენსიო სესხი 36% ია, ხოლო მეორეგან (პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი) აფიქსირებს 30,65% -ს, რაც არის კიდეც ე.წ. საპენსიო სესხზე სადღეისოდ არსებული წლიური ეფექტური საპროცენტო სარგებელი.

ჯანიაშვილის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ გამოხმაურებას უცვლელად გთავაზობთ:

„საპენსიო სესხების ამბავზე პოლიტიკოსების კიდევ ერთი “მარგალიტი”. – ხალხს სხვა ციფრს ეუბნებიან და ოფიციალურ დოკუმენტში სხვას წერენ.

თუ არა და ეტყობა, რომ ზუსტი პროცენტიც კარგად იციან რა არის. რეკლამაში კი შეგნებულად მაღალ პროცენტს იძახიან, რომ მერე შემცირება მიიწერონ. თან ამით საკითხსაც ამძიმებენ.

დღეს საქართველოში 800.000 მდე უფრო თაობის ადამიანი არის საპენსიო ასაკში. შესაბამისად, ყველა პოლიტიკოსისთვის ელექტორალურად ძალიან მიმზიდველია ეს სეგმენტი. სწორედ აქედან გამომდინარე ახსენდებათ პენსიონერები პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო პერიოდში.

სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკოსები არსებითი განხილვების ნაცვლად, საკუთარი პოლიტიკური ქულების მოპოვების მიზნით, არ ერიდებიან მცდარი ინფორმაციის გავრცელებასაც კი. საქმეს ისეთი პირი უჩანს, დღეს არსებულ 30%-იან საპენსიო სესხს ბევრი განხილვისა და სესიების პარალელურად 36%-იანად გააპიარებენ, ხოლო შემდეგ “ბრძოლის შედეგად” 30%-მდე შემცირებულად წარმოაჩენენ.

საქმე საქმეზე რომ მიდგება, არავის აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა საპენსიო საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით. პოლიტიკოსებს ელემენტარული ანალიზიც კი არ აქვთ გაკეთებული, თუ რამდენია საბაზრო საპროცენტო განაკვეთი, ან რა რისკები ახლავს თან ე.წ. საპენსიო სესხებს და ა.შ. შესაბამისად, არგუმენტირებული მსჯელობის ნაცვლად, როგორც წესი, პოპულისტური განცხადებებით შემოიფარგლებიან“, – აღნიშნავს მერაბ ჯანიაშვილი.

Comments
Loading...