ხაზარაძე: დაკითხვის ოქმში ვახსენე მუქარა, შედეგად მივიღე პრესკონფერენცია ფულის გათეთრებაზე

131

“ჩემი დაკითხვის ოქმში მივიღე მუქარა, სამწუხაროდ მივიღე პრესკონფერენცია, რომ ჩვენ ვართ ასოცირებული ფულის გათეთრებასთან”, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მუქარის შემცველ წერილზე საუბრობდა.

კომიტეტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მოითხოვა, რომ პროკურატურამ გამოაქვეყნოს მამუკა ხაზარაძის ჩვენება, ასევე წერილის ჩვენება მოხდეს ზუსტად იმ ფორმით, როგორც იყო მიწერილი, რადგან კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

ამის საპასუხოდ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: “მთელ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვნად ეს წერილი მიგაჩნიათ. მე ასე არ მიმაჩნია. მთელ ისტორიაში მე მიმაჩნია ადამიანი და ადამიანის მიმართ განხორციელებული უსამართლობა სახელმწიფოს მხრიდან. წერილი ერთ-ერთი პატარა ფრაგმენტია, შეიძლება პოლიტიკოსებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, ვიცი სად ვდგავარ, ვიცი რას ვლაპარაკობ, ვიცი რა პასუხისმგებლობა მაკისრია, როდესაც ასეთ რაღაცას ვამბობ. დამერწმუნეთ, აქ არანაირ სპეკულაციას და სკანდალურ განცხადებებს…

მე გითხარით ჩემი დაკითხვის ოქმში ვახსენე, რომ იყო მუქარა, სამწუხაროდ შედეგად მივიღე პრესკონფერენცია , რომ ჩვენ ვართ ასოცირებული ფულის გათეთრებასთან. ამას მოჰყვა ეროვნული ბანკი და ორკესტრირება – როდესაც ერთი სახელმწიფო ორგანო , მეორე სახელმწიფო ორგანო ერთი სუბიექტის მიმართ… ზემოდან პოლიტიკური შეფერილობით, პოლიტიკური განცხადებების ფონზე აკეთებს ერთიან… ორკესტრი რას ნიშნავს, მელოდია უნდა გამოვიდეს საბოლოო ჯამში… ორკესტრირებულ შეტევას აკეთებს, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ერთი პრელუდია.”

ცნობისთვის, დღეს კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

Comments
Loading...