ჭუბერში ნენსკრა ჰესის მშენებელობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

45

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ – სს “ნენსკრა ჰიდრომ” მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა.

ამჟამად გზის 5 ივლისის სტიქიით დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს. შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდება, სამშენებლო კომპანია კი მომდევნო დაზიანებულ მონაკვეთზე მიიღებს წვდომას მისი შემდგომი აღდგენისთვის.

აღნიშნული მონაკვეთის აღსადგენად შემდეგი სამუშაოები განხორციელდება: დროებითი არხის გაყვანა მდინარის დინების მიმართულების შესაცვლელად, დამცავი ნაპირსამაგრი სამუშაოები, ქვაყრილის მოწყობა და შემდგომ მდინარის პირვანდელ კალაპოტში მოქცევა.

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკის 10-მდე ერთეული.

სამუშაოებს “ნენსკრა ჰიდროს” სუბკონტრაქტორი კომპანია “ქართული სამშენებლო კონსორციუმი” ახორციელებს.

მოსამზადებელი სამუშაოების მომდევნო ეტაპი მდინარე ნენსკრაზე 3 ხიდის მშენებლობა იქნება.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

ინფორმაცია ნენსკრა ჰესის პროექტის შესახებ: სს “ნენსკრა ჰიდრო” კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს “საპარტნიორო ფონდის” თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხალიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. www.nenskrahydro.ge.

Comments
Loading...