ჭალიძე: 109 მილიონი ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობა განადგურდა 17 თვის განმავლობაში

97

"ინკლუზიური ზრდა, ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა, ბოლო დროს  ხშირად გვესმის, თუმცა რეალური ნაბიჯები და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული მარტივი ქმედებებიც კი ვერ ვიხილეთ.

არადა საქართველოს აქვს პოტენციალი იყოს ლიდერთა შორის, როგორც სოციალური სოლიდარობის ქვეყანა, სადაც ადამიანები არ შიმშილობენ და საარსებო მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული აქვთ. ეს ყველაფერი შესაძლებელია, თუ სოციალური მიმართულებით თანხები დაიხარჯება მიზნობრივად და გამჭვირვალედ. ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება და მოქალაქეების ფინანსურ განათლებასა და ბიზნესისთვის საჭირო უნარების შეძენისთვის მეტი რესურსი დაიხარჯება. ახლა კი 5 მილიონი იხარჯება მაჟორიტარი დეპუტატების უსაქმურ ბიუროებში, 5 მილიონი ყოფილი დეპუტატების პენსიაში,  ერთი ამდენს ჭამა სმაში ხარჯავენ, ათობით მილიონს პიარში და ფეისბუქ რეკლამებში,  და კიდევ ბევრი მილიონის დაზოგვა შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ ქამრებს მხოლოდ გაჭირვებულ ადამიანებს უჭერენ და თვითონ მარალჩინოსნები ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ.

ქვეყანაში 1000000 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანია და აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი სახელმწიფოს საარსებო შემწეობით არსებობს.  საარსებო შემწეობა, საარსებო მინიმუმზე სამჯერ ნაკლებია და ამ ფონზე 109 მილიონი ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა გაანადგურეს ბოლო ჩვიდმეტ თვეში.

მათ შორის რამდენიმე მილიონის საკვები პროდუქტი, მარტო იმიტომ რომ საკანონმდებლო ბაზა, საგადასახადო კოდექსი  არ იძლევა საშუალებას, რომ ბიზნესკომპანიებმა გარკვეული პროდუქცია გადასცენ გაჭირვებულ ადამიანებს მანამ, სანამ განადგურების აუცილებლობა დადგება. ინკლუზიურ ზრდაზე გვესაუბრებიან და ხელისუფლებამ ამდენ ხანს მექანიზმი ვერ მოიფიქრა ამისთვის, რომ მილიონობით ლარის საკვები პროდუქტი არ ნადგურდებოდეს. საქართველოს ნამდვილად არ აქვს საკვების განადგურების უფლება და ფუფუნება, როცა ათიათასობით ადამიანი შიმშილობს.  პირველ რიგში ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს" – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

Comments
Loading...