წლიური ინფლაციის დონემ 6,1% შეადგინა

436

2017 წლის აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,1 პროცენტი შეადგინა. შესაბამისს მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში, წინა თვესთან შედარებით.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,4 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,42 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (8,8 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (7,0 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (1,6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-0,9 პროცენტი) და თევზეულზე (-0,6 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,7 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,23 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3,3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2,4 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

მოცემულ პერიოდში ფასების 7,6 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 2,31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (18,2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11,5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (10,8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6,7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-2,5 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 2,11 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25,6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,5 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3,7 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 14,5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (30,0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,8 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,1 პროცენტით, რაც 0,54 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (15,7 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (4,0 პროცენტი).

Comments
Loading...