ცემენტის მწარმოებლები: ჩვენი პრობლემები არ არის პოლიტიკური ხასიათის და ნურავინ შეეცდება მათ პოლიტიზებას

50

ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურებიან და მწარმოებელთა საკოორდინაციო საბჭოს სახელით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვას, სადაც ის ცემენტის ადგილობრივი წარმოების წინაშე შექმნილ პრობლემებს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და აცხადებს, რომ ცემენტის მწარმოებლებს პრობლემები მას შემდეგ შეექმნათ, რაც თითქოს ამ ბიზნესში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა.

გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ჩვენს ინტერესში არ არის საკითხის პოლიტიზება. მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისაც შესაძლოა გაუჩნდეს ცდუნება, რომ ჩვენს წინაშე მდგარი პრობლემები პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს  – ნუ გამოიყენებთ ბოროტად ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების წინაშე არსებულ რეალობას და ნუ ეცდებით ჩვენს ჩათრევას პოლიტიკურ თამაშებში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამით ცემენტის ქართული წარმოების საქმე ვერ მოიგებს.

უფრო მეტიც, თუკი ბიძინა ივანიშვილი, ან მასთან ასოცირებული ფონდები თუ კომპანიები მართლაც არიან დაკავშირებული ცემენტის ბიზნესთან, ეს ჩვენ პირიქით, გავიმედებს, რომ საკითხი მოკლე დროში და სამართლიანად გადაწყდება, რამდენადაც მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში, სწორედ სახელმწიფოებრივ ინტერესში არ შედის ადგილობრივი წარმოების ბაზარზე, მათ შორის, ცემენტის ადგილობრივი წარმოების ბაზარზე, კონკურენციის შეზღუდვა და ხელოვნური ბარიერების შექმნა. დარწმუნებულები ვართ, რომ ხელისუფლება, საკუთრივ კი საქართველოს მთავრობა, უმოკლეს დროში შეძლებს შექმნილ ვითარებაში საფუძვლიანად გარკვევას და ისეთი გამოსავლის მონახვას, რომელიც არ დააზარალებს ადგილობრივი წარმოების ინტერესებს.

ჩვენ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 29 აგვისტოდან დავიწყებდით საპროტესტო აქციებს სახელმწიფო კანცელარიასთან. თუმცა, როგორც დავინახეთ, აშკარად გამოჩნდა ჩვენი პრობლემების პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები, რასაც კატეგორიულად ვემიჯნებით.

ამიტომ, დღეს ვაცხადებთ, რომ პოლიტიკურ თამაშებში ჩვენი ბოროტად გამოყენების თავიდან არიდების მიზნით კვლავ უარს ვამბობთ აქციების გზით სიარულზე და ვიტოვებთ იმედს, რომ ის კომუნიკაცია, რაც გვაქვს მიმდინარე ეტაპზე საქართველოს მთავრობასთან, ხარისხობრივად კიდევ უფრო გაძლიერდება და მიგვიყვანს პრობლემის გადაჭრის ლოგიკურ და სამართლიან გადაწყვეტამდე", – ნათქვამია ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ განცხადებაში.

Comments
Loading...